„ვაქცინირებული მოგზაურების მიღებას საქართველოსთან ერთად კვიპროსი, ესტონეთი, ისლანდია, პოლონეთი, რუმინეთი და სეიშელი იწყებენ“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს:

CNN-ის სამოგზაურო პორტალი CNN travel იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც ვაქცინირებული ტურისტებისთვის შეზღუდვები მოხსნეს:

-„ვაქცინირებული მოგზაურების მიღებას საქართველოსთან ერთად კვიპროსი, ესტონეთი, ისლანდია, პოლონეთი, რუმინეთი და სეიშელი იწყებენ.

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველომ სრულად ვაქცნირებული მოგზაურებისთვის შეზღუდვები მოხსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლახანს გამოაცხადა, რომ ნებისმიერი ვიზიტორი ვინც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორ დოზას მიიღებს, PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის გარეშე, საქართველოში საჰაერო გზით ჩასვლას და მოგზაურობას შეძლებს.

არავაქცინირებულ მოგზაურებს  გარკვეული ქვეყნებიდან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის შემდეგ შეეძლებათ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა,მესამე დღეს საკუთარი ხარჯით მოუწევთ კიდევ ერთხელ ტესტის გავლა.  ის მოგზაურები, რომლებიც ბოლო 14 დღე დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ, საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში სავალდებულო 12-დღიან კარანტინს გაივლიან“.

-„ძალიან მნიშვნელოვანია, – მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მედია პლატფორმა CNN ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას საერთაშორისო ვიზიტორთათვის საჰაერო გზით ქვეყნის გახსნის შესახებ და სამოგზაურო პორტალზე CNN travel მილიონობით მკითხველს ინფორმაციას აწვდის, რა პირობით შეძლებენ ტურისტების საქართველოში ჩამოსვლას. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  შეზღუდვა მოიხსნა ფრენებზე. საქართველო საჰაერო გზით უპირობოდ მასპინძლობს ყველა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც წარმოადგენს კოვიდ ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ ბოლო 72 საათში ჩატარებული ნეგატიური PCR ტესტის საფუძველზე.

CNN-თან ერთად საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ წერდა ბრიტანული გამოცემა Independent, სადაც საქართველო პირველ ქვეყნად დასახელდა, რომელმაც ვაქცინირებული მგზავრებისთვის შეზღუდვა სრულად მოხსნა. ასეთ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო გამოცემებში საქართველოს შესახებ სტატიების მომზადება ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას და საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას სხვადასხვა ქვეყნებში.

ჩვენ თანმიმდევრული ნაბიჯებით მივყვებით გეგმას, რაც გულისხმობს, ერთის მხრივ, საერთაშორისო მოგზაურების ეტაპობრივად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიღებას, მეორეს მხრივ,- ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დადებითი მაჩვენებლის შენარჩუნებას“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

 

კომენტარები