ვაცხადებ, თუ რაიმე სიბინძურეა ამ ქვეყანაზე, სწორედ ესაა, „ბინძური თეთრეულის“ კონტექსტში იმ შეხვედრის და ჩემი სახელის მოხსენიება

“გუშინ დილით დამირეკა ირაკლი ოქრუაშვილმა და მითხრა, ხომ არ ვიყავი წინააღმდეგი, რომ გაესაჯაროვებინა ჩვენი შეხვედრის ფაქტი 2014 წელს, იუსტიციის სახლში, ჩემს სამუშაო ოთახში. მე ვუთხარი, რომ მე კონფიდენციალურად და დამალულად არ შევხვედრილვარ მას მაშინ და არანაირი პრობლემა არ მქონდა თვითონ ან ვინმე სხვა თუ ამ თემაზე ისაუბრებდა და მე ცხადია, დავადასტურებდი ამ შეხვედრის ფაქტს. შემდგომ იყო მისი პრესკონფერენცია, რომელზეც მოვისმინეთ არამხოლოდ ამ ფაქტის შესახებ, არამედ მისი თავისუფალი ინტერპრეტაციებიც, ამიტომ მოგახსენებთ ზუსტად, რა მოხდა. 2014 წელს დამირეკა ირაკლი ოქრუაშვილმა, მთხოვა შეხვედრა, შევხვდით და ამ შეხვედრაზე მან მთხოვა ბიძინა ივანიშვილამდე მიმეტანა მისი სურვილი, ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობის თაობაზე და მისი მზაობა მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე მნიშვნელოვანი ჩვენებების მიცემის შესახებ. მან მე მითხრა, რომ სურდა ივანიშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობა და მზადაა ჩვენებების მისაცემად, პროკურატურისთვის საინტერესო ბევრ საქმეზე. მე ამის შესახებ გადავეცი ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს და შემდეგ ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი, ეს იყო ღარიბაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ შოთაძე დაუკავშირდება და სისხლის სამართლის საქმეებზე იქ ექნებათ საუბარი, დანარჩენზე მერე ვისაუბროთო. კონკრეტულად ეს მესიჯი გადავეცი ოქრუაშვილს და ამით ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში ამოიწურა. რა კონტექსტში და რა ინტერპრეტაციით მოიხსენია ოქრუაშვილმა გუშინ ეს ფაქტი, ეს არის ცალკე თემა, მაგრამ ფაქტი იყო შემდეგი, მისი მზაობა ჩვენებების მიცემაზე და პოლიტიკურ თანამშრომლობაზე უშუალოდ ივანიშვილთან.

არ ყოფილა ჩემთან იმაზე საუბარი, თუ რა ჩვენებების მიცემას აპირებდა ან რომელ საქმეებზე. შემდგომ განვითარებულ მოვლენებში მე ამ კომუნიკაციის კვალი დავინახე, ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურაში შესული და გამოსული და სხვადასვა საქმეებზე დაკითხული და ჩვენება მიცემული. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობას ივანიშვილ-ოქრუაშვილს შორის როგორ განვითარდა, მე არ ვიცი. მას სურდა პოლიტიკური თანამშრომლობა ივანიშვილთან, ადგილობრივი არჩევნები იყო მოახლოვებული და ამ კონტექსტშიც სურდა, მაგრამ ეს არ იყო დეტალური და კონკრეტული, ამ თემებზე ჰქონდა მას ივანიშვილთან სასაუბრო. ეს არ იყო ირაკლისგან პირველი მსგავსი ქმედება, როდესაც, მაგალითად „ბინძური თეთრეულის“ კონტექსტში მოიხსენია მან ჩემთან შეხვედრა, ჩემი სმს-ი და ჩემი სახელი და ვაცხადებ, თუ რაიმე სიბინძურეა ამ ქვეყანაზე, სწორედ ესაა, „ბინძური თეთრეულის“ კონტექსტში იმ შეხვედრის და ჩემი სახელის მოხსენიება“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან.

კომენტარები