ვახო (ნაწყვეტი წიგნიდან “ქუჩის ბიჭები”)

ოჯახში უამრავ რელიქვიას ვინახავთ, დიდედების, პაპების დანატოვარს… ყოველ მათგანს საკუთარი ისტორია გააჩნია და სხვა ნივთებთან ერთად საპატიო ადგილი აქვს მიჩენილი, ისინი ჩემთვის ისეთივე ძვირფასია, როგორც წინაპრების ხსოვნა და დიდის სასოებით ვუფრთხილდები, რომ შთამომავლობას ვუჩვენო.
მათ შორის განსაკუთრებით შავი პურის გულისგან გამოძერწილ კაცუნას ველოლიავები. კაცუნას ბუცები, გეტრები, ტრუსები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნომრიანი მაისურიც კი აცვია. ერთი სიტყვით, ფეხბურთელია.
შავი პურის გულისაგან ნაძერწ ფეხბურთელს ჩვენს ქუჩაზე გაზრდილი ყველა `ქუჩის ბიჭის ოჯახში შეხვდებით…
* * *
სკოლიდან ახლად დაბრუნებულებმა ის-ის იყო თამაში დავიწყეთ, რომ ალაყაფის კარებში ქაჩალა გამოჩნდა…
ქაჩალას თავის ბიჭისთვის ხელკავი გამოუდვია. შვილი მამაზე უფრო მაღალია, მხარბეჭიანი. თოვლივით თეთრ თმაზე, შუბლიდან კეფამდე, წყვილი `ლიანდაგივით გასდევს თმის შავად დარჩენილი ზოლი.
რაც გადასახლებიდან დაბრუნდა, ქუჩაში არავის უნახავს. ქაჩალა ამბობდა, დაღლილია და ისვენებსო! დაიღლებოდა, აბა რა მოუვიდოდა, 18 წლის ბიჭი წავიდა და 38 წლის შეჭაღარავებული კაცი დაბრუნდა შინ. ოცი ღამე ჩრდილოეთიდან `პლაცკარტით უმგზავრია თურმე.
მოხუცს პირსახეზე ღიმილი დასთამაშებს, მოდის და აქეთ-იქით იყურება _ შემომხედეთ, რა ბიჭი მყავს, აკი გეუბნებოდით და არ გჯეროდათო.
ქაჩალას ახალთახალი შავი ხალათი აცვია, მაღალსაყელოიანი. ხალათზე წვრილი ვერცხლის ქამარი არტყია. მოდის შვილის გვერდით და მალიმალ ახედავს. გამოვიდნენ ორივენი და შუა ქუჩაში დადგნენ. თამაში შევწყვიტეთ და მამა-შვილს მივუახლოვდით. ყველანი მოწიწებით შევცქეროდით თმაშევერცხლილ კაცს.
მკერავმა სანდრომ თქვა, ქვა და რკინა უნდა იყო, იქ რომ გაძლო, სადაც ქაჩალას ბიჭი ცხოვრობდა. მიწა ორი მეტრის სიღრმეზე იყინება და ღამღამობით ეზოებში თეთრი დათვები დაბორიალობენო. თურმე იქ წელიწადში ათი თვე ზამთარია!
_ რამ წაიყვანა იმ გადაკარგულშიო? _ გაიკვირვა ბუღალტრის ცოლმა.
ახლა კი ვდგავართ ბიჭები და გაოცებულები მივჩერებივართ კაცს, რომელმაც ოცი წელი გაძლო იმ მხარეში, სადაც მიწა ორი მეტრის სიღრმეზე იყინება და ღამღამობით ეზოებში თეთრი დათვები დაბორიალობენ. ვდგავართ პირდაფჩენილები, მივჩერებივართ ქაჩალას ბიჭს და ერთი სული გვაქვს, სანამ ხმას ამოიღებს, რამეს იტყვის.
_ ეს ვალიკოს ბიჭია, ეს სუსანასი, ესეც სონას შვილიშვილია, სონასი, შენ რომ თბილი წინდები გამოგიგზავნა! _ ეუბნება ქაჩალა შვილს. ისიც სერიოზულად უსმენს და სათითაოდ ყველას ხელს გვართმევს, მერე ამბობს:
_ ეს `კურკას ბიჭი ხომ არ არის, ძალიან ჰგავს `კურკას!
`კურკა ტაქსის მძღოლი იყო და ქუჩის დასაწყისში ცხოვრობდა, თონის პურის მაღაზიის გვერდით.
_ ჰო, კურკასია, მამამისივით ჩიკორაა, არა? ჰი! ჰი! ჰი! _ ჩაიქირქილა ქაჩალამ.
_ ეს კი ციურია, ტიტეს გოგო!
_ თმა ვინ გადაგპარსა გოგო?
ციური გაწითლდა, ჩვენ გადმოგვხედა, მერე თავისი დიდრონი თვალები უცხო კაცს მიანათა და ოდნავ გასაგონად უთხრა:
_ არავინ, მე თვითონ!
_ შენ თვითონ? ჰოო…
_ მე ვახო მქვია! _ თქვა ბოლოს ქაჩალას ბიჭმა, როცა ყველა სათითაოდ გაგვიცნო. მერე უფროსებიც მოგროვდნენ, ახლა იმათ ჩამოართვა ხელი…
_ ვახომ კიდევ ერთი კვირა თელა ლოგინი, მერე ნათესავები მოიკითხა, ორჯერ კინოში იყო და ერთხელ ფეხბურთზე, ამის შემდეგ სამუშაოზე მოეწყო _ ავტობუსების გარაჟში ღამის დარაჯად.
დადგა გაზაფხული, ეზოებში ნუში და ალუბალი აყვავილდა. თეთრად გადაიპენტა ქუჩის ერთ მხარეს ჩამწკრივებული აკაციები. ძალაში შევიდა `ფეხბურთის სეზონი ჩვენს ქუჩაზე. ფეხბურთი ვახოსაც მოსწონდა, და ხშირად ჩვენთან ერთად თამაშობდა. თუ ვინმე დაშავდებოდა, ან რომელიმე მოთამაშეს მშობლები წაიყვანდნენ ძალისძალათი, გასულის ნაცვლად ვახო შემოვიდოდა, შარვლის ტოტებს აიკარწახებდა და ბურთის მოლოდინში გაირინდებოდა.
_ გარღვევაზე გადი, ვახო, გარღვევაზე! _ ვუკიჟინებდით აქეთ-იქიდან და ვახოც `გადიოდა გარღვევაზე. ვცდილობდით, რაც შეიძლება, დიდხანს ჰქონოდა ბურთი და გოლიც გაეტანა. ვახო მალე იღლებოდა (სახე უფითრდებოდა) და პაატას სასწრაფოდ უკან გადაჰყავდა დაცვაში.
ვახო ჩვენსავით გატაცებით თამაშობდა, განუზომლად უხაროდა ბურთის გატანა. კარს აცდენილ ბურთზე ან დაკარგულ პასზე სერიოზულად ჯავრობდა…
შებინდებულზე თამაშს ვამთავრებდით. იქვე, ალაყაფის კართან, ხის სკამზე ჩამომჯდარნი, შუაში ვახოს ჩავისვამდით, ის კი ჯიბიდან შავი პურის გულს ამოიღებდა, გაოფლილი ხელის გულით მოზელდა, შემოგვხედავდა, კეთილი ღიმილით გაგვიღიმებდა და გვეტყოდა:
_ დღეს რა გამოვძერწოთ?
_ მეკარე, თავდამსხმელი, მსაჯი, მცველი!.. _ და ისიც ძერწავდა…
ყველას გამოგვიძერწა თითო მეკარე, თითო მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი. ოსტატურად მუშაობდა და, როცა რომელიმე ჩვენგანს `ფეხბურთელს გადასცემდა საჩუქრად, აღტაცებას ვერ ვმალავდით, ვეხვეოდით ვახოს და ვკოცნიდით. მასაც უხაროდა…
ნაადრევი გაზაფხული დაგვიდგა. ერთი კვირაა კოკისპირულად წვიმს. პატარა ეზოები დატბორა და წყლით გაავსო, ფეხბურთს ვეღარ ვთამაშობთ, ვახოსთან დავდივართ სტუმრად. აი, ახლაც, სკოლიდან დაბრუნებულები ვახოსთან შევიკრიბეთ. წვიმის წვეთებით დაწინწკლული ქურთუკები შუშაბანდში გავიხადეთ და პატარა ოთახში შევლაგდით. ვახო მარტოა, მაგიდასთან შარვლის ამარა, ფეხშიშველა ზის, წინ თავისი საყვარელი წიგნი `ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ უდევს და კითხულობს (მერე ეს წიგნი ყველამ სულმოუთქმელად გადავიკითხეთ), შევედით და გაბედულად ჩამოვსხედით _ ვინ საწოლზე და ვინ ფარდაგდაფენილ იატაკზე. ვახომ გაგვიღიმა, ხელის აწევით მოგვესალმა, უხმოდ წამოდგა, განჯინიდან შავი პურის ნატეხი გამოიღო, გული გამოაცალა, პატარა სკამზე დაჯდა და პურის გული ვეება თითებში მოაქცია.
_ დღეს რა გამოვძერწოთ?
_ მეკარე, თავდამსხმელი, ნახევარმცველი!..
ვახოს თვალებში ნათელი ჩაუდგა, გაიღიმა და სახე ღრმა ნაოჭებმა დაუფარა. ჩვენ ყველას მოგვწონს ვახოს ნაოჭები და ასეთ ნაოჭებზე ვოცნებობთ.
_ ციოს ჯერია, ციომ თქვას! _ მშვიდად ამბობს ვახო და თან ხელის გულზე პურს ზელს.
_ თეთრი დათვი, ვახო, თეთრი დათვი გამომიძერწე, _ ამბობს ციური და მოთმინება ელევა… ვახო კი დუმს, ერთ წერტილს ჩაშტერებია იატაკზე. მერე მძიმე-მძიმედ წამოდგა, `თიხა მაგიდაზე დადო, ერთ ადგილზე იბორიალა და ისევ დაჯდა (მომეჩვენა, თითქოს ხელებიც უცახცახებდა). ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, ციური დამნაშავესავით ზის და აღარ იცის, როგორ მოიქცეს. მერე ვახო ციურის მიაჩერდა და… გაიღიმა. მან სასწრაფოდ გამოძერწა დიდი დათვი და გოგონას ხელის გულზე დაუდო.
_ რა კარგია, არა, ვახო?!
_ ვახო თუ დათვი? _ ეშმაკურად გვიკრავს თვალს ვახო და ყველანი ვიცინით. მერე გამოძერწილ დათვს ფრთხილად იღებს, ყურადღებით დასცქერის და ამბობს:
_ ციო, შავი პურისგან თეთრი დათვი რომ არ გამოგვივიდა?
_ არა უშავს, ვახო, შავი იყოს, შავი ჯობია!

* * *
კვირის ბოლოს წვიმამ გადაიღო და უცბად გამოიდარა.
ორშაბათსაც დილიდანვე კარგი დღე დაიჭირა. მთელი კვირის დანატრებულები სკოლის მერე გარეთ გამოვცვივდით, წინ ციური მიდის ხტუნვახტუნვით, თან ბურთს კენწლავს. ჩვენ უკან მივდევთ, ციურის მუხლებზე მოხტუნავე ბურთს გაფაციცებით ვადევნებთ თვალს და ხმადაბლა ვითვლით: ოცი, ოცდახუთი, ოცდაათი…
_ ვერ აკენწლავს!
_ აკენწლავს!
_ დავნაძლევდეთ!
_ ვერ აკენწლავს!
_ დავნაძლევდეთ, გეშინია?
მე და პაატა ერთმანეთს ვენაძლევებით, ამასობაში ციური ორმოცდაათზე ადის და ორივეს წყალს გვიწურავს, ბურთს ძლიერად ურტყამს ფეხს და წითელი რეზინის ბურთი ზევით-ზევით მიდის, მერე ტრიალ-ტრიალით ეშვება ქაჩალას ეზოში.
ციური ადგილს მოსწყდა, ქუჩა გადაჭრა და ალაყაფის კარს იქით სიბნელეში გაუჩინარდა.
ჩვენ ამ დროს არჩევან-არადანით ორად ვიყოფით და ციურის ვუცდით. ის კი იგვიანებს. ათამდე დავითვლი, თუ გამოჩნდა, მამა ველოსიპედს მიყიდის, _ ვფიქრობ და ვითვლი. ციური კი არ ჩანს. _ შვიდი, რვა, ცხრას განგებ ვწელავ _ ც-ხ-რაა! და აგერ ციურიც…
გოგო მოჩვენებასავით გამოგვეცხადა… უბურთოდ.
_ ბურთი სად არის? _ ეკითხება პაატა.
_ ბურთი, ბურთი რა იქნა? _ მივცვივდით ყველანი. ის კი დგას და ხმას არ იღებს, მაისურის ბოლოს ძაფს აწიწკნის. მერე ცრემლები წვეთ-წვეთად სწყდება გოგონას თვალებს და აგურისფერ მაისურზე სველ კვალს ტოვებს. ციური მოგვჩერებია, რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ სათქმელი ყელში ეჩხირება, ქვედა ყბა უცახცახებს და იმის მაგივრად, რომ რამე გვითხრას, დიდრონ თვალებს აპარპალებს:
_ ვახო… მოკვდა! _ ამოილუღლუღა ბოლოს.
* * *
ვახო შაბათს დაასაფლავეს. ეზოში გადაჭიმული ბრეზენტის ქვეშ გადაუხადეს ქელეხი. კაცები უხმოდ ჭამდნენ ლობიოს და შესანდობარსაც ჩურჩულით ამბობდნენ. ქაჩალა ჩუმად იჯდა, არც ჭამდა, არც სვამდა, თვალები ჩაცვენოდა, გაუპარსავ სახეზე მკვდრისფერი ედო. ციოც გვერდზე ეჯდა გარინდული, ერთიორად დაპატარავებული. კაცები ჩურჩულით ამხნევებდნენ ქაჩალას…
ვახო აღარ იყო…
ჩვენ მისი ხსოვნის პატივსაცემად ფეხბურთს მეზობელ ქუჩაზე ვთამაშობდით. ასე გავიდა ორმოცი დღე.
ერთ დღეს მეზობელ ქუჩაზე ქაჩალამ მოგვძებნა:
_ წამოდით, ჩვენთან ითამაშეთ, მე კი დავჯდები და გიყურებთ…
ჩვენც გავყევით.

თამაზ ჭეიშვილი.

კომენტარები