ვახტანგ გომელაური: „ისინი არ ერიდებიან ევროკავშირის დამკვირვებლებსაც“
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა:
„საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის დამკვირვებლების დაკავება ცუდი ფაქტია.
პრობლემა ექმნება ასევე პრესას, მოქალაქეებს, რომლებიც, შეიძლება, დააკავონ და ამიტომ არ ვუშვებთ ამ ტერიტორიაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არ ერიდებიან ევროკავშირის დამკვირვებლებსაც. რაც შეეხება ვითარებას ადგილზე, იქ ნამდვილად არ არის გამწვავებული ვითარება. გაავლებს ხოლმე 100 მეტრზე ღობეს ოსურ-რუსული მხარე და დაიწყება საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფომ დაკარგა კიდევ ახალი ტერიტორიები.
ეს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ. ალბათ, კარგად უნდა ავხსნათ ეს თემა. ეს დაიწყო 2008 წელს. ხელი მოეწერა იმას, რომ ოკუპაციის ხაზს იქით იქნება რუსული და ოსური მხარე, აქეთ – ქართული მხარე. ახლა, სადაც ღობე არ არის გავლებული, გადავდივართ? ვხნავთ ან ვთესავთ? მივდივართ ნათესავებთან? ვერ მივდივართ. სამწუხაროა, ღობე რომ ივლება და გამყოფ ხაზს აკეთებენ, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ დღეს დაკარგა საქართველომ კიდევ 500 მეტრი ტერიტორია, არასწორია.
საოკუპაციო ხაზთან, ღობე იქნება ეს თუ რუსული ჯარი იდგება და არ შეგვიშვებენ, ჩვენთვის ერთი და იგივეა.
ოკუპაცია გრძელდება, ღობის გავლება გრძელდება, დაკარგულია ეს ტერიტორიები, ღობე არ არის გავლებული აფხაზეთის მხარეს და არ გვაქვს დაკარგული აფხაზეთი? ზემო სვანეთში, კოდორის ხეობაში ღობე არაა და დაკარგული არ გვაქვს?
ხელისუფლება მუდმივად მუშაობს პრევენციულ ღონისძიებებზე და მთავარი ამოცანა არის ადგილზე სიმშვიდის შენარჩუნება.
ჩორჩანაში, ნამდვილად გადმოწიეს ჩვენს ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, საგუშაგო გაგვიხსნეს იმის საპასუხოდ, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაკეთეთ საგუშაგო. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება, ცეცხლი არ გაიხსნას ან იქით მხრიდან, ან აქედან და არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციაში“.
24 ოქტომბერს, „ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუიარაღებელი პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების ძალების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს.