ვახტანგ გომელაური: „ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვმუშაობთ, დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში“

-`ნიკა მელიას საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვმუშაობთ, დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ, თუ სამ დღეში, -შეზღუდული არ არის.

ვადების ოფიციალურად გადადება არ არსებობს. არის სასამართლოს განჩინება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განჩინების აღსრულება დაეკისრა. ახომ არ ვამბობ, რომ არ ვიყავით დასაკავებლად მისული?! ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბოლო რამდენიმე დღეა, ნიკა მელია  პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფება. სოლიდარობის ნიშნად, ,,ნაციონალურ მოძრაობაში” ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერებიც იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაკავებას არ დაუშვებენ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 

კომენტარები