ვახტანგ ტაბლიაშვილი სანდრო ჟორჟოლიანის შესახებ

ვახტანგ ტაბლიაშვილი სანდრო ჟორჟოლიანის შესახებ:

“ბოლო პერიოდში შემუშავებული აზრი, თითქოს ჟორჟოლიანი დაიშტამპა, ერთფეროვანი გახდა, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეეფერება. ამ მცდარი შეხედულების ჩამოყალიბებას მომდევნო თაობის რეჟისორებმა შევუწყვეთ ხელი – ჩამოვეკიდეთ მის განუმეორებელ ნიღბებს და ამით ჩვენ თვითონვე “შევუკარით ხელ-ფეხი” მსახიობის მრავალწახნაგოვანი ნიჭის გამომზეურებას.

ფილმის დიდოსტატის მარჯვენა ერთ-ერთ მონაკვეთს ფასანაურში ვიღებდით. იქვე მახლობლად თურმე ჟორჟოლიანი ისვენებდა. ჩვენი ჩასვლის ამბავი გაიგო თუ არა, მაშინვე მოგვინახულა. მასთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო იყო – განათლებული, სიტყვაძუნწი, მაგრამ ენამოსწრებული. შუა საუბრის დროს უცებ მომიბრუნდა და მითხრა, შენ მგონი არც აპირებ ფილმში დამაკავო. გამეცინა და დავპირდი, გადაგიღებ-მეთქი. ბატონი სანდრო მიმიხვდა თვალთმაქცობას, ნაღვლიანად ჩაიღიმა და მომიგო, ტყუილად ფიქრობ, რომ მე მარტო სასაცილო როლების თამაში შემიძლიაო. მის ტონში ნათლად შეიგრძნობოდა ერთგვარი სინანული იმის გამო, რომ სათანადოდ არ მიეცა შესაძლებლობა, სხვა ჟანრშიც ისევე ლაღად გაეშალა ფრთები, როგორც კომედიაში.”

 

კომენტარები