ვენეციაში ტურისტები ქუჩაში ყავის მოდუღების გამო დააჯარიმეს

ბერლინელმა ტურისტებმა, ვენეციის შუაგულში, დიდი არხის ოთხი ხიდიდან ყველაზე ძველი, რიალტოს ხიდის უკანასკნელ საფეხურებზე, ქურაზე ყავის მოდუღება მოინდომეს.
ქუჩაში გამვლელმა ვენეციელმა ეს პოლიციას აცნობა. ადგილზე მისულმა პოლიციამ ტურისტები 950 ევროთი დააჯარიმა და მათ ქალაქის დატოვებაც მოსთხოვეს.
„ვენეციას ყოველწლიურად 30 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. ქალაქის ხელისუფლება ცდილობს იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქალაქი დაიცვას და გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს ტურისტების მოზღვავების შესაჩერებლად. შარშან, დეკემბერში, მოკლევადიანი ტურისტებისთვის ქალაქში შესასვლელი გადასახადი დააწესეს 10 ევროს ოდენობით. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გარკვეული შეზღუდვებია დადგენილი: აკრძალულია ისტორიულ ადგილებში პიკნიკების მოწყობა, ქუჩაში წელს ზემოდ შიშველი, პერანგის გარეშე სიარული და სხვა.
„ვენეციას პატივი უნდა ვცეთ”, „ვენეცია ყოველთვის ღიაა და იწვევს ყველას, ვისაც მისი მონახულება სურს და ამავე დროს, ჩვენ შეუდრეკლები ვიქნებით მათ მიმართ, ვისაც სწამს, რომ შეიძლება მოვიდეს და მოიქცეს ისე, როგორც სურს”, – აცხადებს ვენეციის მერი ლუიჯი ბრუგნარო.
ტრიესტში, ქალაქის პოპულარულ პლაჟზე, ავსტრიელი ტურისტი 300 ევროთი იმის გამო დააჯარიმეს, რომ მან ორ ხეს შორის ჰამაკი გააბა. ეს მწვანე ზონის შესახებ კანონის დარღვევად ჩათვალეს. 26 მაისს, რომში, ამერიკელი ტურისტი 450 ევროთი იმის გამო დააჯარიმეს, რომ ტრევის შადრევანში ჩახტა საცურაოდ.

კომენტარები