„ვთვლი, რომ რისთვისაც ჩამოიყვანეს და ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, იმისთვის ითხოვს სხვა საავადმყოფოში გადაყვანას“-არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა:

-„მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის და შიმშილობის მიზანია, – ქვეყანა, ხელისუფლება და საზოგადოება მოსწყდეს იმ ძირითად ამოცანებს, რაც ყოველდღიურად არის ამ ქვეყანაში გადასაწყვეტი და ეს ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, მათი მიზანია დესტაბილიზაცია და ქვეყნის გადაგდება არასწორ რელსებზე.

მიხეილ სააკაშვილმა თავად გადაწყვიტა შიმშილობა, იქამდე მას არანაირი სამედიცინო პრობლემა არ ჰქონდა. დღესაც შიმშილობის გარდა არანაირი სამედიცინო პრობლემა არ ჩანს. მეორე მხარეს არის სახელმწიფო, რომელმაც სააკაშვილის უკანონო შემოსვლაზე კანონიერი რეაგირება მოახდინა. ვთვლი, რომ რისთვისაც ჩამოიყვანეს და ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, იმისთვის ითხოვს სხვა საავადმყოფოში გადაყვანას.

პენიტეციური სისტემა მზად არის, მოემსახუროს მას, დაამატა პერსონალი, საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი, ამ სახელმწიფოს ოპოზიციონერები ეუბნებიან,-  თქვენ ყველაფერს დაანებეთ თავი და მიხეილ სააკაშვილს მიხედეთო. სააკაშვილს არ ეუბნებიან –  შეწყვიტოს შიმშილობა“.

კომენტარები