ვითარება რუსთაველის გამზირზე (ვიდეო)
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო, ახლა მხოლოდ სამართალდამცველები იმყოფებიან.
ადგილზე დაახლოებით ოთხი საათია ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პარლამენტის შენობის წინ პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. თბილისის მთავარ გამზირზე აქციის კვალი ჯერ კიდევ არის, პერიმეტრის ნაწილზე დაზიანებული ნივთები ისევ ყრია. დასუფთავება არ დასრულებულა.
შეტაკება რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. აქციის დაშლა პოლიციამ გამთენიისას დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და “ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.