„ვიმსჯელებთ ყველა საკითხზე, ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმებამდე ძალიან შორს“- გოჩა თევდორაძე

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით იმართება.

ხელისუფლებიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ოპოზიციასა და მმართველ გუნდთან შეხვედრებს 12 მარტიდან მართავს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, გოჩა თევდორაძის განცხადებით:

-„დავიწყეთ მუშაობა ადრე ჩამოყალიბებულ 6-პუნქტიან გეგმაზე, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული დოკუმენტის სახე აქვს. პრაქტიკულად, პუნქტობრივად ვმუშაობთ, სიღრმეებში ახლა არ შევალ, ვფიქრობ,  შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება. კარგი იქნება, შეთანხმებას საბოლოოდ თუ მივაღწევთ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სწრაფად მივდივართ შეთანხმებასთან ან ძალიან შორს ვართ ამისგან. ექვსივე  პუნქტი საზოგადოებისთვის ცნობილია. ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა საკითხზე, ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმებამდე ძალიან შორს ვართ“, – განაცხადა თევდორაძემ.

კომენტარები