„ ვინც „კოვიდ-19“ გადაიტანა ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით არის აცრილი, შენგენის ზონაში მოგზაურობას შეძლებს“

 ვინც „კოვიდ-19“ გადაიტანა ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით არის აცრილი, შენგენის ზონაში მოგზაურობას შეძლებს. ყველა მოგზაურს მოუწევს ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის წარდგენა. ამ წესის ამოქმედებას ევროკომისია 10 იანვრიდან აპირებს. იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლები დაბალია, ევროკავშირში ვაქცინაციის დადასტურების გარეშეც შეუშვებენ. 10 იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე შემსუბუქდება კრიტერიუმები, რომლებითაც ქვეყნები ე.წ. მწვანე სტატუსის მქონე სახელმწიფოების სიაში მოხვდებიან. 2022 წლის პირველი მარტიდან კი ე.წ. მწვანე სახელმწიფოების სიის საერთოდ გაუქმება იგეგმება. პროექტი ევროკომისიაში დღეს წარადგინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებია – „მოდერნა“, „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“, ინდური „კოვიდშილდი“ და „კოვაქსინი“.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში მიიჩნევენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა ექვსი თვე მოქმედებს. ევროკომისიაში აცხადებენ, –  აღნიშნულ ექვს თვეს დაამატებენ სამ თვეს, რათა ევროკავშირის მოქალაქეებმა ე.წ. ბუსტერის გაკეთება მოასწრონ. ბუსტერ დოზის მოქმედების ვადა ჯერ არ არის განსაზღვრული, რადგან ის დადგენილი არ არის.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს უშუალოდ ვიზიტორის სტატუსს და არა იმ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, საიდანაც ის ჩამოდის.

კომენტარები