ვის, რა შემთხვევაში გადაუვადდება სესხები? – გიორგი გახარია

მთავრობის სხდომა გაიმართა. 

-„ყველა იმ მოქალაქეს, როლებმაც დაკარგეს სამსახური და სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ. 

სესხები ასევე გადაუვადდებათ იმათაც, ვისაც შემოსავლები შეუმცირდათ. ამისთვის, მოქალაქეებმა ბანკებს უნდა მიმართონ.

მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი 3 თვით გადაუვადა. ეს 3 თვე უკვე გავიდა. ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა, ასევე მივიღეთ ერთობლივი, შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომს: ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი 3 თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება 3 თვით. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შემოსავალი შეუმცირდა და აქვს კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საპროცენტო გადასახადის გადავადება 3 თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პირველად სესხების საპროცენტო განაკვეთის გადასახადი საქართველოში 3 თვით მარტში გადავადდა.  ეს საშეღავათო პერიოდი ივნისში იწურებოდა. შეღავათის სამი თვით გახანგრძლივების შემთხვევაში ფიზიკური პირები სასესხო ვალდებულებისგან სექტემბრის ჩათვლით გათავისუფლდებიან.

კომენტარები