ვლადიმერ გუცაევი: „1977 წელს მილანში „ინტერს“ მოვუგეთ. ჩვენმა ვარსკვლავმა, დათო ყიფიანმა ფაკეტის ბურთი წაართვა და მშვენიერი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ზღაპარი არაა“

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ დღევანდელი გამოშვება „დინამოს ლეგენდები“ – 13 მაისი“ თბილისის „დინამოს“ 1981 წლის 13 მაისის წარმატებას მიეძღვნა.

ქართული ფეხბურთისთვის ამ ისტორიულ დღეს, ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, „დინამომ“ დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და ევროპულ თასს დაეუფლა – დღეს ამ გამარჯვებიდან 39 წელი გავიდა.

ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა, ამ დიდი წარმატების ერთ-ერთმა შემოქმედმა, ფინალში გოლის ავტორმა ვლადიმერ გუცაევმა გაიხსენა გზა, რომელმაც დაარწმუნა, რომ გუნდს ევროპული თასის მოპოვება შეეძლო.

„დიუსელდორფის ფინალში მე, დათო ყიფიანი და შოთა ხინჩაგაშვილი ვიყავით 1972 წლის გუნდის შემადგენლობიდან, როდესაც „დინამო“ ჰოლანდიის „ტვენტეს“ შეხვდა. აქედან მოყოლებული, 13 მაისამდე ბევრ ძლიერ გუნდს შევხვდით. მერე იყო „ტოტენჰემი“, 1977 წელს მილანში „ინტერს“ მოვუგეთ, სადაც ჩვენმა ვარსკვლავმა, დათო ყიფიანმა ფაკეტის ბურთი წაართვა და მშვენიერი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ზღაპარი არაა, ფაკეტი ამ შეხვედრის შემდეგ ფეხბურთიდან წავიდა“, – იხსენებს ვლადიმერ გუცაევი.

თბილისური გუნდის ლეგენდა ამაყობს, რომ „ლივერპულთან“ 1979 წლის 3 ოქტომბერს გამართული ისტორიული თამაშის მონაწილეა: „არა მხოლოდ მონაწილე ვარ, გოლიც გავიტანე და ამის გახსენებაზე სულ მაჟრიალებს. ახლა „დინამო-არენა“ 55 ათას მაყურებელს იტევს, მაშინ კი ხის სკამები იყო და 74 ათასამდე გულშემატკივარს იტევდა. მაგრამ იმ დღეს, ოფიციალურად დაიწერა, რომ 100 ათასი კაცი მოვიდა – ტევა არ იყო, ხალხი კიბეებზეც ისხდა, გარეთ კი ორი ამდენი ნაწყენი დარჩა. მერე იყო „ჰამბურგი“, რომელიც ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა, იქ „ოქროს ბურთის“ მფლობელი კევინ კიგანი თამაშობდა. კი წავაგეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაგრად ვეთამაშეთ. გასვლაზე 1:3 წავაგეთ, თბილისში კი 1:0-ს ვიგებდით და ამ დროს მსაჯმა საოცრად ცუდი როლი ითამაშა. ვუტევდით, მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ ამ დროს მატჩი 10 წუთი შეაჩერა და ამით, ფაქტობრივად, თამაში დააწყნარა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც თბილისის „დინამო“ სერიოზული წარმატებებისთვის მომწიფდა”.

მან თასების თასის გათამაშების საწყისი ეტაპებიც გაიხსენა: „წინა წლების რთული მეტოქეების შემდეგ, თასების თასის გათამაშების სტარტზე რთული მეტოქეები არ გვყოლია – ბერძნულ „კასტორიას“ და ირლანდიურ „უორტეფორდს“ მოვუგეთ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ევროგათამაშების მეოთხედფინალში გავედით. ნახევარფინალში ნიდერლანდების „ფეიენორდს“ შევხვდით. ამ ქვეყანას დიდი სკოლა ჰქონდა. კრუიფი, რეპი, მიხელსი, შემდეგ ვან ბასტენი. „ფეიენორდიც“ ძლიერი გუნდი იყო. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ თამაშისთვის ჩვენ უკვე ყველანაირად მზად ვიყავით – მორალურად, ფიზიკურად”.

გუცაევმა ნახევარფინალში „ფეიენორდთან“ განეორებითი მატჩში მსაჯის ქმედებები გაიხსენა: „შინ 3:0 მოვიგეთ, გასვლაზე კი მსაჯმა საოცრებები აკეთა, თუმცა უეფა-მ არ დასაჯა, საკუთარ ქვეყანაში, ავსტრიაში კი 3 თუ 4-თვიანი დისკვალიფიკლაცია მისცეს. იმ მატჩის დღეს სამი გოლი არ ჩაგვითავალა და ორი პენალტი არ დაგვინიშნა. მაშინ ვიდეორეფერი რომ ყოფილიყო, „ფეიენოორდს“ იქაც მოვუგებდით. შოთა ხინჩაგაშვილმა ვერ მოითმინა, ყვითელი მიიღო და ფინალი გამოტოვა. იმ დღეს, ოთარ გაბელიამ ბევრჯერ გადაგვარჩინა. რა დასაევი, ოთარი მაშინ საოცარ ფორმაში იყო – ის საუკეთესო მეკარე გახდა საბჭოთა კავშირში, რომელსაც მეკარეთა ძლიერი სკოლა ჰქონდა და იმ პერიოდში დიდი მეკარეები თამაშობდნენ. ჩვენი სამი მოთამაშე საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს – ყიფიანი, ჩივაძე და ორჯერ – შენგელია. კომუნისტები ამას რომ აღიარებდნენ, მართლა მაგარი გუნდი იყო. ამ მატჩების შემდეგ ნელ-ნელა ჩამოყალიბდა იდეა, რატომ არ შეიძლება ფინალში გავიდეთ და მოვიგოთ?“.

სრულად გადაცემა იხილეთ ბმულზე.

მერაბ მამულაშვილი

 

წყარო: https://1tv.ge/news/vladimer-gucaevma-13-maisis-finali-gaikhsena-mashin-daviwyet-fiqri-rom-tasis-mopovebac-shegvedzlo/?fbclid=IwAR0n1H1jV7AI3HA5jcjvr8mGm8ZrLcyiaGyJs_9cpxuBQPZB5IeV-zydgGQ

კომენტარები