ვლადიმერ პოზნერმა საქართველო იმაზე ადრე დატოვა, ვიდრე თავდაპირველად ჰქონდა დაგეგმილი

ვლადიმერ პოზნერმა საქართველო იმაზე ადრე დატოვა, ვიდრე თავდაპირველად ჰქონდა დაგეგმილი.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო “ვინოტელის” დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია.

შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, 10 000 ლარით დააჯარიმა.

-„შრომის ინსპექციისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ. მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება. შრომის ინსპექციამ გამოავლინა 322-ე დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელება. გამოიკვეთა სამართალდამრღვევი იურიდიული პირი და ობიექტის მიმართ გამოყენებულ იქნება შესაბამისი სანქცია, 10 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ ობიექტს მიეცა მკაცრი გაფრთხილება ღონისძიების დაშლასთან დაკავშირებით. თუ გამოვლინდება განმეორებით აღნიშნული ქმედების განხორციელება, ბუნებრივია, იქნება შესაბამისი რეაგირება და აღნიშნული მასალები გადაეცემა შსს-ს“, – განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.

კითხვაზე, რატომ არ დაჯარიმდნენ ღონისძიების მონაწილე კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესები, შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ უწყება ზედამხედველობას ახორციელებს მხოლოდ დადგენილებით განსაზღვრულ ქმედებებზე. ობიექტს ღონისძიების დაშლის მკაცრი გაფრთხილება მიეცა.

თბილისში, სასტუმრო “რუმსს“, სადაც რუსი ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები იმყოფებიან, საღამოს სამოქალაქო აქტივისტებმა კვერცხები ესროლეს. ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები პირები სასტუმრო “ვინოტელიდან„ პოლიციის კორდონით გამოიყვანეს, ავტობუსში ჩასვეს და სასტუმრო “რუმსში“ მიიყვანეს. აქციამაც “ვინოტელიდან“ სასტუმრო “რუმსთან“ გადაინაცვლა. რუს სტუმრებს აქაც პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავდა.

აქციის მონაწილეების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”, რითაც მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეურაცხყოფა მიაყენა და მან საქართველო უნდა დატოვოს.

კომენტარები