ვლადიმერ ხომერიკი: ქართველებო, პუტინი მრავალმნიშვნელოვანი დუმილით გვაფრთხილებს!

რუსული დათვი იღვიძებს. რუსეთის ძლევამოსილი იმპერია პლანეტაზე თავისი შელახული მდგომარეობის აღდგენას იწყებს და არცთუ ნართაულად აფრთხილებს ყველას, ვინც მისი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს ემუქრება.

 ნაწყვეტი ფედერალურ ასამბლეაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის 2021 წლის 21 აპრილის გამოსვლიდან:  

„რუსეთს აქვს საკუთარი ინტერესები, რომელსაც სხვა სახელმწიფოთა მსგავსად, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, მაგრამ თუ ვინმეს არ სურს ამ აშკარა ინტერესის აღქმა, არ მოდის დიალოგზე, ირჩევს ეგოისტურ და ამპარტავნულ ტონს – რუსეთი ყოველთვის იპოვის თავისი პოზიციის დაცვის გზას.

არ წყდება რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული აქციები. ზოგიერთ ქვეყანაში საზიზღარი ჩვევა დამკვიდრდა – ნებისმიერი მიზეზით და ხშირად, სრულიად უსაფუძვლოდაც, რუსეთს აცივდებიან. ეს რაღაც ახალი სპორტის სახეობასავით დამკვიდრდა – ვინ უფრო ხმამაღლა იტყვის… პასუხად,  ჩვენ ვიქცევით უკიდურესად თავშეკავებულად, შეიძლება ითქვას, მოკრძალებულადაც.  უპასუხოდ ვტოვებთ არა მხოლოდ არამეგობრულ ქმედებებს, არამედ აშკარა უხამსობებსაც. ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობა გვქონდეს საერთაშორისო კომუნიკაციის ყველა მონაწილესთან. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება რეალურ ცხოვრებაში: როგორც ვთქვი, ისინი უმიზეზოდ აცივდებიან რუსეთს აქეთ-იქიდან. მათ გარშემო მაშინვე, როგორც შერ-ხანის გარშემო, ყველანაირი პატარა ტურა-ტაბაკებიც ჩნდებიან, როგორც კიპლინგი აღწერს – ყმუიან, რათა პატრონი მოიმადლიერონ. კიპლინგი დიდი მწერალი იყო…

ნამდვილად გვსურს, საერთაშორისო კომუნიკაციების ყოველ მონაწილესთან კეთილი ურთიერთობა, მათთანაც კი, ვისთანაც ურთიერთობები რბილად რომ ვთქვა – ვერ ლაგდება. არ გვსურს ხიდების დაწვა.  მაგრამ თუ ჩვენი კეთილგანწყობა ვიღაცისთვის სულერთია ან ამას ჩვენს სისუსტედ აღიქვამს; თავად წვავს და აფეთქებს ხიდებს, უნდა იცოდნენ, რომ რუსეთის პასუხი იქნება ასიმეტრული, სწრაფი და მკაცრი!

 ნებისმიერი ისეთი პროვოკაციის ორგანიზატორს, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის  უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს, ჩადენილს ვანანებთ იმგვარად, როგორც არასოდეს უნანიათ! ამისთვის ჩვენ გაგვაჩნია მოთმინება,  პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, საკუთარი სიმართლის რწმენა და გადაწყვეტილების მისაღებად საღი აზროვნება. იმედია, არავის მოუვა აზრად რუსეთთან ურთიერთობაში წითელი ხაზების გადალახვა. ხოლო თუ სად გაივლის ეს ხაზები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად განვსაზღვრავთ!“

 ამ მჭახე განცხადებების ფონზე როგორი პოლიტიკის შერჩევა და რისი გათვალისწინება მართებს საქართველოს?   – პუტინის გამოსვლაში მრავალი მინიშნება იყო საქართველოს მიმართ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი „რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდის“ პრეზიდენტმა, მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა პროფესორმა

ვლადიმერ ხომერიკმა:

 

– პუტინი უაღრესად დინჯია. ამ ეტაპზე უპასუხოდ დატოვა ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილიდან მის მიმართ პირადი უხამსი შეურაცხყოფის კორიანტელი. მხოლოდ ამის ხარჯზე არ ასრულდა ამ მარგინალების პატრონების მიზანი, რომლებსაც რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება სურთ. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ქართველ მარგინალებს მან თავი უბრალოდ, არ გაუყადრა, მაგრამ 1თვის წინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი ჟურნალისტის გამოწვევას აყვა, ყოველგვარი დიპლომატიური ნორმა დაარღვია და რუსეთის პრეზიდენტი მკვლელად და ტერორისტად მოიხსენია – პუტინმა სკანდალი იუმორში გადაიტანა, ოპონენტს მრავალმნიშვნელოვნად, ჯანმრთელობა უსურვა და ცნობილი ბავშვური გამოთქმით მიუგო: “Кто как обзывается – тот так и называется” („ვინც იძახის, იძახის – თავის თავზე იძახის“).

ამის მერე იყო იარაღის ჟღარუნი აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეებია. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი თურქეთმაც გააქეზა. ერდოღანი ხომ, რუსეთს ზურგს უკან ორმოს უთხრის და კიევს იარაღით ამარაგებს, თუმცა პუტინი ამ შემთხვევაშიც თავშეკავებულად და გონივრულად იქცევა – ერდოღანთან სიმბოლურ დადებით ურთიერთობებს არ აფუჭებს, რადგან ურჩევნია, საბელით ჰყავდეს ახლოს, ვიდრე დაიპირისპიროს. პუტინმა ერდოღანის ამ აშკარა დემარშს პირდაპირი პასუხი არ გასცა, თუმცა პანდემიის საბაბით, თურქეთთან საჰაერო სივრცე დაკეტა. რუსი ტურისტების დიდი ნაკადი თურქეთში აღარ იმოგზაურებს, რაც საკმაოდ არასახარბიელოდ აისახება თურქულ ეკონომიკაზე.  რაც შეეხება ამერიკელებს, ისინი უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების მივლინებით არ შემოიფარგლა და შავ ზღვაში 2 სამხედრო კრეისერის შემოყვანა დააპირა. ამის პასუხად, რუსეთმა ვოლგა-დონის არხით კასპიიდან შავ ზღვაში გადმოტყორცნა თავისი საზღვაო ძალები, ხოლო უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან მასშტაბური საჩვენებელი წვრთნები ჩაატარა.

 

 – მაგრამ, მანევრების დასრულება უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ პუტინის უკან დახევად შეაფასა…

 

– რუსეთმა მანევრები დაასრულა იმიტომ, რომ ამერიკამ შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდების შეყვანა გადაიფიქრა.ზელენსკის კი, სააკაშვილის მანერები დასჩემდა. უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ამ თანამდებობის დაკავებამდე იუმორისტულ ჟანრში მოღვაწეობდა, სამსახურის გამოცვლის მიუხედავად, კლოუნად დარჩა.

მისმა არასერიოზულმა განცხადებებმა შესაძლოა, უკრაინა გაცილებით უარეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე სააკაშვილმა საქართველოს დაატეხა და თუ საომარი მოქმედებები დაიწყება, უკრაინა ყირიმის კვალად, აღმოსავლეთ რაიონებს („მალაროსია“) დაკარგავს, რომლებიც თავიდანვე რუსეთს ეკუთვნოდა; რასაც მიყვება ოდესა და კიევიც. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ ეს ომი დაიწყო, ის იქნება არა რუსეთ-უკრაინის, არამედ, რუსეთ-დასავლეთის ომი. დავარქვათ მოვლენებს თავისი სახელი – აგვისტოს ომიც, რუსეთ-საქართველოსი კი არა, რუსეთ-დასავლეთის ომი გახლდათ, სადაც ქართველები დასავლეთმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენა. მოკლედ, თითქოს დაძაბულობა დასრულდა, მაგრამ დასავლეთმა ამჯერად ჩეხეთის სკანდალი ააგორა.

 

 – რაში მდგომარეობსეს სკანდალი?

 

–  ჩეხეთმა დააპირა რუსი დიპლომატების გაძევება. შეთხზეს სასაცილო მითი, რომლის თანახმად ჩეხეთში 11 წლის წინ აფეთქების (ახლა გაახსენდათ, რატომღაც) მომწყობები სწორედ ის რუსი მაიორები – პეტროვი და ბაშიროვი არიან, რომელთა სახელსაც ინგლისში სკრიპალის მოწამვლასთან აკავშირებდნენ. თითქოს, რუსული სპეცსამსახურები მხოლოდ ამ ორ მზვერავზე დგას, რომლებიც ხან ჩეხეთში და ხან ინგლისში ასრულებენ მითიურ მისიებს.

პეტროვი და ბაშიროვი

ფაქტობრივად, რუსეთის პროვოცირების ესტაფეტა ამჯერად ჩეხეთმა აიტაცა და ეს სკანდალი დღემდე გრძელდება.

 

 – სკანდალები შეიარაღებულ დაპირისპირებაში რომ გადაიზარდოს, რუსეთი შეძლებს დასავლეთის მოგერიებას?

 

– რუსეთს როგორც თავდაცვის, ასევე თავდასხმის მიზნით, არსენალში აქვს ისეთი მრავალფეროვანი შეიარაღება, რომლის ანალოგი დასავლეთს არ გააჩნია.   პუტინმა საჯაროდ განაცხადა, რომ დასავლეთის მხრიდან ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში თავადაც უყოყმანოდ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.

სარმატი. მრისხანე იარაღი

როცა ამერიკელებმა უკრაინის დასახმარებლად შავ ზღვაში ორი კრეისერის შემოყვანა დააპირეს, არქტიკაში, ამერიკასთან ძალიან ახლოს,  ყინულების საფარი  ბირთვული რაკეტებით შეიარაღებულმა სამმა რუსულმა წყალქვეშა ნავმა ამოტეხა და ოკეანის ზედაპირზე ამოყვინთა. დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთთან შეიარაღებული დაპირისპირება მათთვის საბედისწეროდ დასრულდება, ამიტომ კონფლიქტს თავად ერიდება და პროვოკაციისთვის ტურა-ტაბაკის მსგავს საკუთარ მარიონეტებს იყენებს. ეს მარიონეტები სხვადასხვა ფორმით, შეურაცხყოფენ რუსეთის ხელისუფლებას, პრეზიდენტ პუტინს, იმ მიზნით, რომ შეცდომა დააშვებინონ და საომარ მოქმედებებში ჩაითრიონ, რათა დასავლეთმა მსოფლიოს ხალხების წინაშე რუსეთი ოკუპანტად და აგრესორად წარმოაჩინოს! ეს მარიონეტები ნებით თუ უნებლიედ, საკუთარი ქვეყნების მტრები არიან, რადგან დასავლეთის დაკვეთას საკუთარი სამშობლოს და თანამოქალაქეების სასიკვდილოდ გაწირვის რისკით ასრულებენ. პირდაპირ ვამბობ, რომ ზელენსკიც იმნაირი „შნირია“ ამერიკისა, როგორც სააკაშვილი ბრძანდება. ფაქტია, რომ სააკაშვილს ამერიკაში საცხოვრებლადაც არ უშვებენ, როგორც ძაღლს – ისე აბამენ, ხან საქართველოში და ხან უკრაინაში, რათა საკუთარი მიზნები განახორციელონ.

 

 – გეოპოლიტიკური გარემოებების ცვლილებების ფონზე რა ელის საქართველოს?

 

– რუსული დათვი იღვიძებს და მსოფლიოს მისი ინტერესებისთვის ანგარიშის გაწევას დღითიდღე უფრო აქტიურად აიძულებს. მე დიდი ხანია მსურდა, რომ ამ დათვს მალე გაეღვიძა და მსოფლიოში ერთპოლუსიანი დიქტატურა დასრულებულიყო. გარემოება მიგვანიშნებს, რომ რუსეთი გარკვეულ ქვეყნებთან ერთად ახლო მომავალში შექმნის კავშირს, თანამეგობრობას, რომელიც დასავლეთიდან თავს მოხვეულ პროვოკაციებს, მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე დასავლეთის განუკითხავ პარპაშს ბოლოს მოუღებს. გარკვეული რესპუბლიკები – ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი – უკვე მოიაზრებიან ასეთ თანამეგობრობაში, რომელშიც შემდეგ ეტაპზე გაერთიანდებიან უზბეკეთი და ყაზახეთი. ეს იქნება საკმაოდ მძლავრი ალიანსი, რომელიც თამამად წამოაყენებს საკუთარ პრეტენზიებს და ასეთ გარემოებაში, საქართველომ, ქართველმა ხალხმა დროულად უნდა განსაზღვროს საკუთარი ადგილი გეოპოლიტიკურ რუკაზე, რათა შეპირისპირების ეპიცენტრად და პოლიგონად არ გადაიქცეს… იმ საქართველომ, რომელსაც არც ნატო და არც ევროკავშირი არ ღებულობს თავის რიგებში, არც ჩვენი ქვეყნის ბედი ანაღვლებთ და მხოლოდ მარიონეტობას სთავაზობენ, რაც უკიდურესად დამამცირებელია! იმ საქართველომ, რომელსაც ისტორიულ მტრებს, თუნდაც თურქეთს – მეგობრებად უსახავენ! განა ვინ უნდა დაიცვას საქართველო, თუ ღმერთმა ნუ ქნას და, საქართველოს ტერიტორიებზე უკვე აშკარა პრეტენზიის მქონე „მეგობარი“ თურქეთი საზღვრებს გადმოლახავს? თუმცა, მათ რახანია გადმოლახული აქვთ საზღვრები, ოღონდ ჯერჯერობით, არა იარაღით, არამედ ფულით და საქართველოს შუაგულში ტერიტორია 100 წლით შეისყიდეს, რომელიც ძალიან მალე, დანარჩენი საქართველოს დასაპყრობად  შესაძლოა, სტრატეგიულ სამხედრო ბაზად გადაიქცეს! ამას გარდა, რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების ფონზე ნებისმიერი ჰესი და სხვა ობიექტი შეიძლება მტრის რაკეტების სამიზნედ იქცეს და მთელი საქართველო წყალმა წალეკოს! განა რთულია იმის გაცნობიერება, რომ თურქეთის აგრესიის შემაკავებელი ერთადერთი ძალა – რუსეთია, რომელიც საქართველოს კი არა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არ დაუშვებს, რომ საქართველოში თურქეთი გაბატონდეს… მაგრამ ამასობაში რა ეშველება ჩვენს ისედაც დასუსტებულ ქვეყანას, რომელიც ომის ეპიცენტრად იქცევა?!

 

 – მაგრამ, უნდა კი, რუსეთს საქართველოსთან თანასწორუფლებიანი მეგობრობა? ვლადიმერ პუტინი რაიმე მინიშნებას თუ იძლევა?

 

– საქართველოდან უამრავი არამეგობრული ჟესტის ფონზე პუტინი საქართველოსთან დაკავშირებით მრავალმნიშვნელოვნად დუმს. იქნებ, უკეთესიც ყოფილიყო, რომ თავისი მიზნები გაეცხადებინა… ამ მრავალმნიშვნელოვანი დუმილით, პუტინი ფაქტობრივად,  ქართველებს გვაფრთხილებს და საქართველოსთვის რამდენიმე საბედისწერო, ან პირიქით – საბედნიერო პერსპექტივაზე მიგვანიშნებს, რომელიც, გონიერმა ქართველმა ერმა თავად უნდა ამოიცნოს და ალღო აუღოს, თუ გვსურს, რომ პლანეტის პოლიტიკურ რუკაზე ადგილი მომავალშიც შევინარჩუნოთ!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

 

 

 

კომენტარები