ვლადიმირ ზელენსკის მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესიასთან იჯარის გაუქმებისა და კიევ-პეჩერის ​ლავრის უკრაინის ეკლესიისთვის გადაცემისკენ მოუწოდებენ

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კიევ-პეჩერის ლავრის იჯარის შეთანხმების გაუქმებისა და მონასტრის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემისკენ მოუწოდებენ. პეტიცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, რომელიც 15 აპრილით თარიღდება. საჭირო 25 000 ხელმოწერაზე მეტი აქვს  შეგროვებული.

პეტიციის ხელმომწერები აცხადებენ, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კიევის მიტროპოლიის ერთადერთ კანონიკურ მემკვიდრედ მიიჩნევს.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები შემჩნეულნი არიან უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსა და განცხადებებში.

უკრაინული მედია წერს:

„პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პეტიცია საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებიდან სამი დღის ვადაში უნდა განიხილოს. ამის შემდეგ 10 სამუშაო დღეში პრეზიდენტის პასუხი გამოაქვეყნოს“.

კომენტარები