„ვნახე ჩვენებით ჩემი ძმა გარდაცვლილი… მიჩვენა ეს ხატი, ყოველ ოჯახში უნდა იყოს ის, დიდ დახმარებას მიიღებთ” -ილია მეორე

-„ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღე. საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა. წმინდა სამება აძლევდა მადლსა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანა ვართ, მადლი უხვად ეფინება საქართველოს.

როცა მე ვიყავი ბათუმში მოძღვარი, ვნახე ჩემი ძმა გარდაცვლილი და მე ვეკითხები მას, თეიმურაზ, ლოცულობ ჩვენთვის? ვლოცულობო და მიჩვენა საქართველოს დიდებაზე. ეს ხალხი, ეს ეზოო, ყველა ლოცულობს შენთვისო, ეს ძლიერი ხატია, საქართველოს დიდება, ამიტომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს ეს ხატი, დიდ დახმარებას მიიღებთ თქვენ და საქართველო.

რა არის წმინდანი, დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული, წმინდანი, რომელიც არ არის კმაყოფილი დღევანდელი დღით, არსებული მდგომარეობით, წმინდანი არის ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე ის იყო გუშინ. სულიერ კიბეზე ადის წმინდანი და მე გისურვებთ თქვენ ყველას რომ, ჩვენ ყველანი ავიდეთ სულიერ კიბეზე.

მრავალი მაგალითი არის ჩვენს წინაშე, მაგალითად, წმინდა ნიკოლოზი ეხმარება არაქრისტიანებსაც, ყველას ეხმარება და წმინდა ნიკოლოზსს უწოდებენ სწრაფ დამხმარეს და სასწაულთმოქმედს. მე პირადად არაერთხელ მიმიღია დახმარება წმინდა ნიკოლოზისა. წმინდა გიორგი, წმინდა ნინო და ყოველნი წმინდანნი შეგეწიონ თქვენ და საქართველოს, ჩვენთან არს ღმერთი“.

ქადაგების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა.

„ჩვენი სამღვდელოება თავდადებული სამღვდელოებაა, მოღვაწეობენ, რაც შეუძლიათ და მე ძალიან დიდად ვაფასებ მათ მოღვაწეობას“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე

14 ივნისი, 2020 წელი.

კომენტარები