ავსტრალიაში კოალების პოპულაცია 30%-ით შემცირდა

2018 წლიდან ავსტრალიაში კოალების პოპულაცია 30%-ით შემცირდა. წერს СNN-ი ავსტრალიის კოალების ფონდის ანგარიშზე დაყრდნობით.

3 წლის წინ კოალების რაოდენობა ქვეყანაში 45-82 ათასს შეადგენდა, დღეს ეს რიცხვი 32-58 ათასამდეა შემცირებული. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში 10-ზე ნაკლები კოალა დარჩა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ პოპულაციის შემცირებას, 2019-2020 წლის ტყის ხანძრებთან ერთად ხელი ანომალიურმა სიცხემ, გვალვამ და სასმელი წყლის უკმარისობამ შეუწყო. კოალების რაოდენობის კიდევ ერთი მიზეზი ადამიანის მიერ მათი ბინადრობის არეალის განადგურებაა.

ტყის ხანძრების შედეგად კოალების ბინადრობის ადგილების 24% დაზიანდა. ახალ სამხრეთ უელსსა და ქუინსლენდში კოალები მოწყვლადი სახეობების სიაში შეიყვანეს.

კომენტარები