„ვფიქრობთ, წელს, ალბათ ობიექტების საშუალოდ 20%-ის დახურვა მოგვიწევს. სექტორი პანდემიის პირობებში რამდენიმე გამოწვევის წინაშეა, მათ შორის არის სავაჭრო ცენტრებთან მოლაპარაკებები“ – კახა ხაზარაძე

დღეის მდგომარეობით, 100-ზე მეტი ობიექტი გვაქვს. ვფიქრობთ, თანამშრომლების 80%-ზე მეტი შევინარჩუნოთ და რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ სამსახურში. ეს სექტორის ერთი გამოწვევაა. მეორე გამოწვევა  ეროვნული ვალუტის კურსია, რომელიც 2.80-დან 3.20-ზეა ასული. ეს, რა თქმა უნდა, საქონლის გასაყიდ ფასზეც აისახება. ესეც ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა. როცა ადამიანებს შემოსავალი კი არ ეზრდებათ, საერთოდ ვერ იღებენ, მაგ დროს ფასის ზრდა პრობლემატური თემაა.

პრობლემა ისიც არის, რომ უკვე ერთი თვეა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სავაჭრო ცენტრებთან, რადგან არსებული კონტრაქტები ვერ იმუშავებს ბიზნესსა და მოლებს შორის, ეს პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამ პროცესში ძირითადი პრობლემა ის არის, რომ, როგორც წესი, სავაჭრო ცენტრებთან იდება გრძელვადიანი კონტრაქტები. მსგავსი კონტრაქტები მუშაობს, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე წლიანი პროგნოზი შეიძლება გააკეთო, ამიტომ ეს კონტრაქტები 3-5-7 და 8 წლიანიც არის. პანდემიამ რეალობა შეცვალა. ჩვენ ვერც იმ თანხას და ვერც იმ პირობებში, რა პირობებშიც ვიხდიდით არენდის გადასახადს, ვერ გადავიხდით.  ამიტომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ მოვერგოთ ახალ რეალობას. ახალი რეალობის მორგება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან გვიჭირს ერთ სიბრტყეში სიტუაციის შეფასება, კონკრეტიკაში ვერ წავალ, რადგან მოლაპარაკების პროცესია,“- განაცხადა „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ  „პალიტრასნიუსის“ გადაცემაში „საქმე“. 

კომენტარები