„ვფიქრობ, კონსენსუსი და საერთო ენა აუცილებლად უნდა გამოინახოს – „ნამახვანჰესის” ენერგიის გამომუშავებაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“-დავით ნარმანია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა:

-„ვფიქრობ, კონსენსუსი და საერთო ენა აუცილებლად უნდა გამოინახოს. დარწუნებული ვარ,  გამოინახება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სადაც ერთის მხრივ, სახელმწიფო უწყებები, მეორეს მხრივ კი, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან ჩართული. ყველაზე მთავარი ინტერესი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი, –  რა სჭირდება ქვეყანას, რა სჭირდება საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

მე, როგორც მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, ვხედავ ჩვენს ქვეყანაში ენერგიის დეფიციტს. შესაბამისად, ჩვენი ენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით. როცა ენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით, ეს ნიშნავს,- სიმწრით მოგროვებული ლარებში გადახდილი ენერგიის თანხა უნდა დახურდავდეს დოლარებში, უნდა იქნას გადარიცხული. რამდენიმე ქვეყანას, საიდანაც ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს, ამ ქვეყნებში გაედინება ჩვენგან ვალუტა, რომელიც მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც არ არის სასურველი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების განვითარება, როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების, ასევე წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ შორის „ნამახვანჰესის” ენერგიის გამომუშავებაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“.

რიონის ხეობაში “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია “ენკასთან” გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას და ჰესის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს.

კომენტარები