„ვფიქრობ, საქართველოში ვაქცინა ერთ თვეში შემოვა“- თენგიზ ცერცვაძე

-„პრაქტიკულად, საქართველო ყველა ვაქცინის შემოტანაზე მუშაობს. მათ შორის, „ფაიზერი“, „მოდერნა“, ოქსფორდისა და ჩინური ვაქცინები და ა.შ. ყველა მიმართულებით მიდის მოლაპარაკებები და მუშაობა, მაგრამ ყველაზე რეალური ჩანს ამ ორი ვაქცინის შემოტანა  „ასტრაზენეკას“ წარმოების და მეორე ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა. მთავარი მომენტი არის, -იყოს მაღალი ხარისხის ვაქცინა და შემოვიდეს ადრე. იმიტომ, რომ ოფიციალური არხებით, კოვაქსპლატფორმის რიგი გვიან მოუწევს საქართველოს და ამდენი ხანი არ გვინდა დაცდა. პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ მწარმოებელ ქვეყნებთან.

საქართველოს ამ პროცესში ძალიან ეხმარებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი და ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორი. პროცესში, ასევე, ჩართულნი არიან  მწარმოებელი ქვეყნების  ელჩები.

ყველაზე მეტი ალბათობაა „ასტრაზენეკასა“ და ჩინური ვაქცინის შემოტანის.  ორივე ვაქცინა ძალიან კარგია. „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებთან შედარებით,  ის სერიოზული უპირატესობა აქვთ, რომ არ საჭიროებენ შენახვას სპეციალური რეჟიმით. ეს ვაქცინები ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ინახება,  ამიტომ მათი ტრანსპორტირება და მოხმარება გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე იმ ორი ვაქცინის. მათ საიმედოობისა და დაცვის ისეთივე პროცენტი უჩვენეს, დაახლოებით 95 პროცენტამდე, როგორც „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“.  ამ ორი ვაქცინიდან რომელიმე თუ შემოვა,  პირადად, მე მივესალმები. ლაპარაკია, რაც შეიძლება ჩქარა შემოვიდეს. არავინ იცის, ზუსტად როდის შემოვა, ჩემი ვარაუდით, იმდენად სერიოზული არხებია ჩართული ამ მოლაპარაკებებში,  ვფიქრობ, ერთ თვეში შემოვა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები