„ვხედავთ, რომ მხარეების მხრიდან ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციებს -გუშინდელი და გუშინწინდელი დღეები წარსულში დარჩება – ჩვენ წავალთ წინ!“ – გიგი ხოჯევანიშვილი

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდის წევრმა გიგი ხოჯევანიშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა:
-„მე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარმა, ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო, იმ კონკრეტული საკითხებით, რომელიც დღეს აქტუალური და მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის.
დღეს ჩვენს მოქალაქეებს აქვთ სამართლიანი განცდა, რომ ხელისუფლება მათზე სათანადოდ არ ზრუნავს და სხვა ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით არის დაკავებული.
არავისთვის არაა სიახლე, რომ მძიმე სოციალური ფონია შექმნილი ქვეყანაში და ამას კონკრეტული საქმით რეაგირება სჭირდება. ეკონომიკურ ვითარებას, ოკუპაციის მძიმე ტვირთიც ემატება. სამწუხაროდ, გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია, ამჯერად უკვე ქარელის მუნიციპალიტეტში. და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ურთულესი ყოფა.
ეს არის ის საკითხები, რაც დღეს პირველ რიგში ხელისუფლების და პოლიტიკოსების განხილვის მთავარი თემა უნდა იყოს და პრინციპში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე გაცვლიან თუ არა ერთმანეთში სავარძლებს.
ერთადერთი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იმ ნაწილში, რომ დღეს როდესაც შეთანხმება უკვე გაფორმდა, მხარეებმა პასუხისმგებლობა აიღონ მის შესრულებაზე. აქაც ვხედავთ, რომ მხარეების მხრიდან ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციებს.
როდესაც ჩვენ, გახარიას გუნდის წევრებმა ღიად ვთქვით, რომ ეს არ იყო იდეალური შეთანხმება, მათ შორის ვგულისხმობდით შეთანხმების იმ ნაწილსაც, რომელიც ერთი მხრივ ითვალისწინებდა კონკრეტულ კრიმინალურ საქმეზე სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის შეწყალების, ხოლო მეორე მხრივ, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის კრიმინალურ საქმეზე ამნისტიის გამოცხადების შესაძლებლობას.
არავინ დავობს იმაზე, რომ შექმნილ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, თუმცა ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებულის მიმართ კანონის აღსრულების პროცესში „ქართული ოცნების” გაუაზრებელმა და არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ეს თემა აქცია ჯერ პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად, ხოლო შემდეგ კი, თავსმოხვეული ამნისტიით იქმნება სახიფათო პრეცედენტი ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების.
ფასი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იხდის, ძალიან მაღალია.
ჩვენ, გახარიას გუნდის წევრები, უმოკლეს ვადებში კონკრეტული დღის წესრიგით, ქვეყანაში სისტემური განახლებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს წარმოვადგენთ, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური პრობლემების, მათი საჭიროებების გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული.
და ბოლოს, აუცილებლად უნდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ მართლაც სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების, გახარიას გუნდის მხარდამჭერების მიმართ – ზეწოლის ფაქტებს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო მოხელეების და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რაც აირჩია ქართულმა ოცნებამ, არ მუშაობს!
მე უბრალოდ ვეტყოდი მათ, ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს, რომ ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია, ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს და უფრო მეტიც, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგიტანთ.
მინდა გავამხნევო ჩვენი თანამოაზრეები! და ვუთხრა მათ, რომ გუშინდელი და გუშინწინდელი დღეები წარსულში დარჩება და ჩვენ წავალთ წინ!”.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ.

კომენტარები