ზაალ უდუმაშვილი – მოსკოვიდან რაღაც გაურკვეველი რუკები ჩამოვიდა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ ჩვენს გამოჩენილ და პატივსაცემ ექსპერტებს

მოსკოვიდან რაღაც გაურკვეველი რუკები ჩამოვიდა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ ჩვენს გამოჩენილ და პატივსაცემ ექსპერტებს. ძალიან მძიმედ შემოუბრუნდება ყველას, ვინც ამ ბინძურ სქემაში მონაწილეობდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე განცხადებით, გაუგებარია, რაზეა დავა, როცა საქართველოს არანაირი ტერიტორია არ დაუთმია.

„მე არ ვიცი, მაშინ რა რუკებით ხელმძღვანელობდა კომისია, მაგრამ ფაქტია, „ფეესბედან“ და მოსკოვიდან რაღაც გაურკვეველი რუკები ჩამოვიდა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ ჩვენს გამოჩენილ და პატივსაცემ ექსპერტებს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი. არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებით ასე მანიპულირება არჩევნების წინ, აქ ქვეყნის იმიჯსა და ინტერესებზეა საუბარი. ძალიან მძიმედ შემოუბრუნდება ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ბინძურ სქემაში მონაწილეობდა.
ფაქტი ერთია – საქართველოს არანირი ტერიტორია არ დაუთმია. ვინმემ მაჩვენოს ტერიტორია, რომელიც დათმო საქართველომ. ასეთი ტერიტორია არ არსებობს. შესაბამისად, რაზე ვდაობთ? ან ვის რაზე ვედავებით, როდესაც დათმობილი ტერიტორია არ არსებობს? გასაგებია, რომ ეს ყველაფერი, ამ თემის წამოწევა პოლიტიკურად აწყობს „ქართულ ოცნებას“, რომ თითქოს, ყოფილმა ხელისუფლებამ რაღაც ტერიტორია და დათმო, მაგრამ ფიზიკურად, არ არსებობს ასეთი ტერიტორია.

ხომ გასაგებია, რატომ შევიდა აგვისტოში პროკურატურაში შეტყობინება?! იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ დაეწყოთ მორიგი პოლიტიკური პროცესი და ტალახი მოსცხონ ყოფილ ხელისუფლებას, მაგრამ ხომ ნათელია, რა მიზანს ემსახურება ეს პროცესები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები