ზაზა დავითაია: კიკუ პოლიტიკოსების, ზონდერების, მათი მფარველი ძალოვნების და მოსამართლეების რეჟიმი უნდა შეიცვალოს!
საქართველოში რეჟიმი ისევ მძვინვარებს. ეს არის “რეჟიმი უცოცხოდ.” თაღლითი მეწარმეები ბრენდის სახელწოდებას ერთ ასოს რომ უცვლიან დ ახალ პროდუქტად ასაღებენ – ისე გამოუვიდათ – ცოცხები ამოიღეს, თუმცა რეჟიმი მთელი არსით და სიმძაფრით – იგივე დარჩა. ამ დასკვნამდე ახლახან მივედი, როცა უსამართლობის ქარბორბალა ჩემს თავზე ამჯერად, ახალი ხელისუფლების პირობებში დატრიალდა!
ადამიანის წამებაში მხოლოდ მისი ფიზიკური გვემა არ იგულისხმება. უფრო მეტიც – წამების უმაღლესი ფორმად ადამიანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, მისი სულიერად დატანჯვა ითვლება. სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვარდება ადამიანი, როდესაც ცილისმწამებლურად მის ღირსებას ეხებიან და საკუთარი თავის მიმართ სამართლიანობის აღსადგენად ყველა გზას უკეტავენ. დიახ, რეჟიმი თავის არსით, ისევ რეჟიმად დარჩა. კიკუ პოლიტიკოსები ძველებურად უტიფრად საუბრობენ უმწიკვლოებაზე, თუმცა, როგორც კი მხილების საფრთხე დაემუქრებათ, სიმართლის მთქმელებს ძველებურად, ზონდერებს უქსევენ; პოლიციელები, ძველებურად, ზონდერებს და კიკუ პოლიტიკოსებს აფარებენ ხელს, მოსამართლეები კი, პოლიციელების, ზონდერების და კიკუ პოლიტიკოსების სამარცხვინო კვალის წაშლას იწყებენ. აი, ამ რეპრესიულმა აპარატმა – კიკუ პოლიტიკოსმა თავის ზონდერთან ერთად, პოლიციამ და სასამართლომ უილაჯობის გამო ტანჯვის მდგომარეობაში ჩამაყენეს, ვინაიდან ვხედავ, რომ ამ ქვეყანაში სიმართლის გატანა ან საერთოდ შეუძლებელია, ან არაპროპორციული ენერგიის საფასურად ჯდება…
***
მკითხველმა იცის, რომ 2006 წელს სააკაშვილის რეჟიმმა საერთოდ უდანაშაულო მე და ჩემს მეგობრებს შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულების მოწყობა დაგვაბრალა. უსამართლო სასჯელი ბოლომდე მოვიხადე, შემდეგ კი, რკინის ქალამნები ჩავიცვი და საკუთარი უდანაშაულობის მიზნით სამართლებრივი ბრძოლის მკვეთრ აღმართს დავადექი. ამ აღმართზე ასვლისას, უამრავი ცილისწამება და შეურაცხყოფა, ფიზიკური გვემა და თავდასხმებიც გადავიტანე, თუმცა, საბოლოოდ, მიზანს მივაღწიე და რეაბილიტაცია შევძელი – შარშან 25 მაისს სასამართლომ დადგენილება გამოიტანა, რომ შეთქმულების მცდელობა არ ყოფილა, რომ იგი ცრუმოწმეების და რეჟიმის პირველი პირების მიერ იყო შეთითხნილი. როდესაც სააკაშვილის რეჟიმი გვასამართლებდა, პროცესზე ერთ-ერთ ადვოკატად შალვა შავგულიძე გამოდიოდა. სწორედ ის შალვა, რომელიც დღეს რეჟიმის ნარჩენებთან ერთად დადგა და კიკუ პოლიტიკოსად გადაიქცა!
***
შალვა შავგულიძე შეიარაღებულ გადატრიალებაში ცილისმწამებლურად ბრალდებულებს მაშინ, გიგა ბოკერიას ხროვისგან გვიცავდა, რადგან სწორედ ამ ხროვის შეკვეთით დაგვიჭირა რეჟიმმა და პოლიტიკურ ასპარეზსს ასეთი მეთოდით ჩამოგვაცილა. მის მიმართ აღშფოთება მაშინ დამეუფლა, როდესაც, გიგა ბოკერიას გვერდით დადგა და სამართლიანობასთან დაკავშირებით პრეტენზიების წამოყენება უსამართლოების და სახელმწიფო დამნაშავეების ხროვიდან დაიწყო. შალვა შავგულიძე 100 თუმნიან კიკუდ გადაიქცა, როცა ირინა ენუქიძის ხსოვნას და მისი უფლებებისთვის საკუთარ ბრძოლას უღალატა, თუმცა უკვე არაერთი კომპეტენტური ადამიანი ამტკიცებს, რომ თავიდანვე მოსყიდული იყო! მაია თოფურიას შალვა შავგულიძემ შეგნებულად დაუგვიანა სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში სარჩელის გაგზავნა და უდანაშაულობის დამტკიცების გზა მას ამგვარად მოუსპო! ეს ყველაფერი რომ შეირჩინა, მერე არც აცია და არც აცხელა – უკვე საჯაროდ გამოიჭიმა გიგა ბოკერიას ხროვის გარემოცვაში, რომელი ხროვისგანაც თავის დროზე სასამართლოში გვიცავდა!
ძვირფასო მკითხველო, ნუთუ, როგორც ჟურნალისტსა და უფლებადამცველს სინდისი უფლებას მომცემდა, უბრად გვერდი ამევლო, როცა შემთხვევით მას შევეჩეხე აქციაზე, სადაც იგი ბოკერიას ხროვასთან ერთად მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის თავგასულობას “აპროტესტებდა?” დახეთ მის უტიფრობას – ეს მოსამართლეები ხომ, თავის დროზე წურბელებად სწორედ ბოკერიას ხროვამ დაასვა ქართველ საზოგადოებას! ჰოდა, უზენაესი სასამართლოს წინ ღია ცის ქვეშ ბრიფინგზე მას ლეგიტიმური, მაგრამ მწვავე კითხვა დავუსვი – რატომ დგას იმ დამნაშავეების გვერდით, ვისგანაც თავის დროზე რეპრესირებულ ადამიანებს იცავდა?!
***
კითხვა ბოლომდე დასრულებულიც არ მქონდა, როცა 20-ზე მეტი ტელეკამერის წინაშე, შავგულიძის თვალწინ დამისგან ორიოდე მეტრში – თავს მისი პარტიის წევრი ზონდერები: ირაკლი კიკნაველიძე და დავით ნაფეტვარიძე დამესხნენ. ხელი ჩამჭიდეს და ადგილიდან გათრევა დამიპირეს. მოგეხსენებათ, ჟურნალისტისთვის მოვალეობის შესრულების მომენტში ხელის შეშლა – სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ან შალვა შავგულიძეს, ან მის ზონდერ დავით ნაფეტვარიძეს არ სცოდნოდა, რომელიც სხვათაშორის, სააკაშვილის რეჟიმის დრო დიდუბე-ჩ უღურეთი რაიონის გამგებლის მოადგილე ბრძანდებოდა და მეტსახელად, მისივე თანამოაზრეები სისხლის მწოველ კოღოს უძახდნენ.
ნაფეტვარიძემ ფერფში ძლიერად ჩამარტყა, შემაგინა და ადგილიდან გათრევა 50-ზე მეტი ჟურნალისტის და უფრო მეტი პოლიციელის თვალწინ დამიპირა. შალვა შავგულიძეს ამ აშკარა სისხლის სამართლის დანაშაულზე არც პროტესტი გამოუთქვამს და არც რეაგირება მოუხდენია – აფერუმ, ყოფილო ადვოკატო და უფლებადამცველო! აი, რატომ არ შეიძლება სენი და შენნაირების ხელისუფლებაში მოსვლა! ნაფეტვარიძეს ორჯერ შევახსენე – ჟურნალისტი ვარ, მუშაობა მაცალე მეთქი, მაგრამ ის ჩემს მიმართ ძალადობას და შეურაცხყოფას აგრძელებდა. ბოლოს, უსამართლობით აღშფოთებულმა, მის გინებას გინებითვე ვუპასუხე და ამ დროს მოხდა, რაც მოხდა…
რა გგონიათ, მკითხველო, რა მოხდებოდა? გარშემო უამრავი პოლიციელი იმყოფებოდა, რომელსაც თითიც არ გაუნძრევიათ ძალადობისგან ჟურნალისტის დასაცავად! სამაგიეროდ, როგორც კი ნაფეტვარიძეს გინებაზე გინებით ვუპასუხე, მაშინვე მოცვივდნენ და… ხელები ნაფეტვარიძეს კი არა, მე გამიკავეს! აღშფოთებულმა, შევეცადე პოლიციელებისთვის ამეხსნა, რომ თავად ვარ ძალადობის ობიექტი, მაგრამ ეს მცდელობა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა “შემიფასეს” და ადმინისტრაციული წესით დამაპატიმრეს, ხელებზე ხელბორკილებიც კი დამადეს, რამაც ჩემს გონებაში ნაცების მხრიდან 2006 წელს განხორციელებული რეპრესია მთელი სიმძაფრით გამახსენა და ახალი უსამართლობით შეძრწუნებულმა – უდიდესი ფსიქოლოგიური ტანჯვა განმაცდევინა! პოლიციელები უტიფრად ირწმუნებოდნენ, თითქოს ნაფეტვარიძის გინება მათ არ გაუგიეთ, არამედ, მხოლოდ ჩემგან მოესმათ უცენზურო სიტყვები, რაც “საზოგადოებრივ ადგილში წესრიგის დარღვევაში” ჩამითვალეს. უფრო მეტიც – პოლიციას არ მიუღია ზომები, როცა მათგან ხელგაკავებულს, ზონდერი ნაფეტვარიძე გაშლილი ხელით თავში მირტყავდა – ეს სხვადასხვა ტელეკომპანიის გადაღებულ ვიდეოფირებში საკმაოდ კარგად ჩანს. ჰოდა, თუ ხელისუფლება ბრმა და ყრუა, რაღა მნიშვნელობა აქვს, დანაშაული უღრან ტყეში ხდება თუ 20-ზე მეტი სატელევიზიო კამერის წინ?! მაინც ვერაფერს დაუმტკიცებ, როცა აშკარად ჩანს, რომ სახელმწიფოს ძალოვანი ინსტიტუტი კანონის საწინააღმდეგოდ, მიკერძოებულია ზონდერთან და ნებისმიერი საშუალებით ცდილობს მისი დანაშაულის კვალის წაშლას!
***
უსამართლობის ჯაჭვი ამით არ დასრულებულა. ბოლო მომენტამდე მქონდა იმედი, რომ მოსამართლე იხილავდა რა, სხვადასხვა კუთხიდან ტელეკომპანიების კამერებით გადაღებულ კონფლიქტის სიუჟეტებს, ობიექტურად შეაფასებდა სიტუაციას და გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა, მით უფრო, რომ ჩემთვის ბრალის წამყენებელი პოლიციელები თავად მეუბნებოდნენ, რომ სასამართლო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მომენტში მათ პოზიციას არ გაიზიარებდა… მაგრამ მოსამართლე ნათია ტოგონიძეც დანაშაულებრივი ჯაჭვის რგოლი აღმოჩნდა და აუღელვებლად მამცნო, რომ ორივე ბრალდებაში (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა) დამნაშავედ მცნობს. თურმე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ყოფილა. საყვირების გამაყრუებელი ხმის ფონზე გინებაზე საპასუხო რეაქცია, რომელსაც შალვა შავგულიძის, მისი ზონდერის, და ამ მოვლენების შემსწრე ჟურნალისტების გარდა, ვერავინ გაიგონებდა! მანვე, გვერდი აუარა კანონის მოთხოვნას, რომ განაჩენი უნდა გამოვიდეს დამრღვევის პიროვნული დახასიათების და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით… და მომისაჯა ჯარიმა – 1000 ლარის ოდენობით, რაც ამჟამად ჩემი ორთვენახევრის შემოსავლის ტოლია!
თავს ნუ მოვიტყუებთ – არც ჩვენი პოლიცია გახლავთ ობიექტური და მითუფრო, არც სასამართლოა თავისუფალი, რომელიც უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში სიმართლის დამსჯელ ინსტიტუტად, იგივე “თავისუფალ ზონად” გადაიქცა. სახელმწიფო, რომელიც ძველებურად მფარველობს ზონდერს და უსამართლოდ სჯის სიმართლის მაძიებელ მოქალაქეს; სახელმწიფო, რომელშიც ნაცების რუპორი ტელეკომპანია “რუსთავი-2-ის” ხელმძღვანელ ნიკა გვარამიას ქალის ცემას და მილიონიანი აუდიტორიის წინაშე უხამს გინებას პატიობენ, ხოლო იმავდროულად, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტს ზონდერისთვის საპასუხო შეგინების გამო ისეთ ჯარიმას უსჯიან, რომ გადახდის შემტხვევაში მან არსებობა ვეღარ შეძლოს, ანუ ფარდობითი სამართლის დამამკვიდრებელი სახელმწიფო ბოლოს აუცილებლად ჩამოიშლება! ალბათ მკითხველს აინტერესებს – რას ვაპირებ? გიპასუხებთ – უნდა ვიბრძოლო ყველა იმ ლეგიტიმური, სამართლებრივი ბერკეტით, რომლის გამოყენების უფლება რეჟიმს ჯერჯერობით, არ წაურთმევია. რაც მეტი უსამართლობა მოხდება ჩემს მიმართ, მით მეტი იქნება მხილების ძალაც! სააკაშვილის რეჟიმმა შეიარაღებული გადატრიალება დამაბრალა, მაგრამ რეაბილიტაციას მივაღწიე!
ამ ახალმა რეჟიმმა თამასა დაბლა ჩამოსწია და ჩემთვის ხულიგნის იმიჯის მოკერებას ცდილობს, მაგრამ ამჯერდაც, რკინის ქალამნებს ჩავიცმევ და რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, სამართლიანობის აღდგენას მივაღწევ. სავალალოა, რომ ქართული სახელმწიფო დღემდე ვერ შედგა და უბრალო ადამიანს შელახული ღირსების აღდგენა უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ხანგრძლივი და დამქანცველი ბრძოლის შედეგად შეუძლია. დიახ, ეს არის მოძალადე რეჟიმი, რომელიც სასწრაფოდ უნდა დასრულდეს, რათა ჩვენი მრავალჭირნახული სამშობლოს სახელმწიფოებრიობა გადარჩეს! სიმართლის დამთრგუნველი და დამნაშავეთა მფარველი რეჟიმი აუცილებლად უნდა შეიცვალოს! უცოცხო რეჟიმი ცოცხიანზე არანაკლებ მავნეა!
ზაზა დავითაია
წყარო: “ასავალ-დასავალი”
მასალაში გამოყენებულია ზაზა დავითაიას ფეისბუქის გვერდიდან აღებული ფოტო და ვიდეოკადრები.