ზაზა დავითაია: პროკურატურას საჯაროდ ვეკითხები – რატომ ჭიანურდება ევრონაც დავით ნაფეტვარიძის დანაშაულის გამოძიება?

ქვეყანაში ფარდობითი სამართალი მძვინვარებს. შეიძლება მკითხველს ეს ზმნა ეხამუშოს. ზოგი მეტყვის, ფარდობით სამართალს ზმნა “მძვინვარებს”– არ შეეფერება, აი, რომ გეთქვა „ქვეყანაში დიქტატურა მძვინვარებს“ – სწორი იქნებოდა, მაგრამ სამართალი, თუნდაც „ფარდობითი,“ როგორ შეიძლება, მძვინვარებდესო… მაინც ჩემს აზრზე ვრჩები – სწორედაც რომ მძვინვარებს და ამას საკუთარ მაგალითზე დაგისაბუთებთ:

6 თვეზე თვეზე მეტია, რაც ჩემი, როგორც მოქალაქეს და როგორც ჟურნალისტის უფლებები დარღვეულია. მიმდინარე წლის 18 აპრილს, სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჩემს ჟურნალისტურ მოვალეობას ვასრულებდი და რესპონდენტისგან ჩემს მიერ დასმულ მწვავე კითხვებზე პასუხებს ვიღებდი,  თავს დამესხა ჩემთვის სრულიად უცნობი მოქალაქე, რომელმაც ხელი შემიშალა ლეგიტიმურ საქმიანობაში, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამდენჯერმე დმარტყა კიდეც და ინტერვიუს ადგილიდან ძალის გამოყენებით გაყვანა, ანუ გათრევა დამიპირა.

 

მკითხველო, ერთი წუთით წარმოიდგინე, რა მოხდებოდა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ასე უხეშად ხელი ჩემთვის კი არა,  ვთქვათ, ნიკა გვარამიასთვის ან რომელიმე სხვა, ლიბერასტი ჟურნალისტისთვის რომ შეეშალათ – ატყდებოდა ხანგრძლივი ყაყანი, ტელევიზიებში დაიწყებოდა გადაცემების ციკლი, სადაც თავშეყრილი ლიბერასტული საზოგადოება ხელისუფლებას პრეტენზიებს წაუყენებდა და შესაძლოა, ამ საფუძველზე, სახალხო მღელვარების პროვოცირებაც მოეხდინათ! ამ ლიბერასტულ საზოგადოებას ორმაგი სტანდარტები რომ აქვს, მხოლოდ თავისი გუნდის წევრს რომ ქომაგობს და მათთან იდეოლოგიურად დაპირისპირებული ადამიანების მიმართ უსამართლობას კიდეც მიესალმება – ეს ისედაც ყველამ იცის, მაგრამ ხელისუფლებაც რომ ამ პოზაში დგას – ეს უკვე სრულიად შეუწყნარებელია!

მკითხველს შევახსენებ, რომ ჩემი რესპონდენტი, ვისთვისაც დასმულ კითხვებზე პასუხების ბოლომდე მიღების საშუალება აღნიშნული თავდასხმის გამო მე არ მომეცა, გახლდათ ცნობილი ადვოკატი შალვა შავგულიძე.

სწორედ ეს ადვოკატი გვიცავდა  გიგა ბოკერიას დაჯგუფების მითითებით სრულიად უსაფუძვლოდ რეპრესირებულ, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის პოლიტპატიმრებს, ვისაც უმძიმესი ბრალდებები – სამშობლოს ღალატი და შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულების მოწყობა გვქონდა წაყენებული.  ამ შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე, მე და ჩემმა 12-მა მეგობარმა უკმაცრეს პირობებში მრავალი წელი გავატარეთ ციხეში, თუმცა, ამჟამად უკვე სასამართლოს განაჩენით ვართ რეაბილიტირებულები.

შალვა შავგულიძე მაშინ ბოკერიას ხროვის უსამართლობისგან გვიცავდა, დღეს კი, იმავე ბოკერიასთან გაერთიანდა პარტიაში და „სამართლიანობის აღსადგენად“ მის გუნდთან ერთად „იღწვის!“ ჩემი კითხვაც, სწორედ ამაში მდგომარეობდა – სანდრო გირგვლიანის მკვლელების, სულხან მოლაშვილის მწამებლების და ყალბი ბრალდებებით მოქალაქეების მდევნელი სახელმწიფო დამნაშავეების მხარდამხარ რანაირად შეიძლება სამართლიანობის აღდგენა? –  აი, ამ კითხვაზე პასუხის მიღება არ დამაცალა ზონდერმა, რომელმაც ძალის გამოყენებით სცადა, რესპონდენტისგან გავერიდებინე!

დამნაშავე ზონდერის მაგივრად, მე აღმოვჩნდი ბორკილდადებული. მკითხველისთვის ყველაფერი ცხადი გახდება, როდესაც ზონდერის ვინაობას შეიტყობს – იგი ცნობილი ნაცდამნაშავეების ახლო მეგობარი, სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის ყოფილი მაღალჩინოსანი – დავით ნაფეტვარიძე გახლავთ!

ჟურნალისტზე  თავდასხმის გამო მისთვის პასუხი არ მოუკითხავთ, თუმცა, იძულებულნი გახდნენ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ფორმალურად აღეძრათ, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პროკურატურაში იგი დაკითხვაზეც არ დაუბარებიათ! არადა, მას შემდეგ გავიდა 6 თვეზე მეტი და პროკურატურას დანაშაულებრივად აქვს საქმე თაროზე შემოდებული – აი, ფარდობითი სამართალის მკვეთრი კვალი!

მკითხველო, ჩემზე, ჟურნალისტ ზაზა დავითაიაზე ზონდერ დავით ნაფეტვარიძის თავდასხმა  არ მომხდარა სადმე, უღრან ტყეში, სადაც მომხდარის დამტკიცება გამიჭირდებოდა, არამედ მოხდა დედაქალაქის ცენტრში, უზენაეს სასამართლოსთან, არა მხოლოდ სათვალთვალო კამერების, არამედ 30-მდე სატელევიზიო ჟურნალისტური კამერის წინ, რადგან მიმდინარეობდა აქცია, რომელსაც ტელეკამერებით აღჭურვილი კორესპონდენტები აშუქებდნენ! ანუ, 30-მდე მედიის საშუალებამ დააფიქსირა მომხდარი ფაქტი და დღემდე ინტერნეტსივრცე ამ კადრებით არის მოფენილი. დამატებით, ამ მოვლენას შეესწრო 200-მდე აქციის მონაწილე ადამიანი, ისინი სათითაოდ მოწმეები არიან, რაც ჩემს მიმართ მოხდა!

პოლიცია მაშინ არაადეკვატურად მოიქცა. თავდამსხმელის მაგივრად ისევ მე დაამაკავეს, იმ მიზეზით, რომ მოძალადეს სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ანალოგიურად ვუპასუხე. ხოლო პატრულის თანამშრომლებმა ჩემი პროტესტი და მათ მიმართ ცხარე ლეგიტიმური კითხვები – რომლითაც დაკავების საფუძვლის განმარტებას ვითხოვდი – პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევად ჩამითვალეს და ხელბორკილებიც კი დამადეს მაჯებზე. ხელბორკილი, რაც ნაცების რეჟიმის დასრულების დღიდან აღარ მკეთებია, იმიტომ გამიკეთეს, რომ ნაცი დამნაშავეს დანაშაული გადაეფარათ!

უსამართლობათა ციკლი ამით არ დასრულებულა. საკუთარ თავზე უკვე მერამდენედ ვიწვნიე სასამართლოს მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილება – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე „წესრიგის დარღვევის“ (მიზეზს არ ჩაეძიენ!)  და „პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის“ ბრალდებით, 1000 ლარით  დამაჯარიმეს, რაც ჩემს ყოველთვიურ შემოსავალს ორჯერ აღემატება; თანაც, მოსამართლემ ჯარიმის გადახდის ვადად 1 კვირა განმისაზღვრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ განაჩენის გასაჩივრებამდე ამ თანხის შოვნა უნდა მომეხერხებინა, იმის გაუთვალისწინებლად, რომ გასაჩივრების შემდეგ შეიძლება გავმართლებულიყავი!

სხვა გზა აღარ მქონდა – უკვე მერამდენედ ჩავიცვი „რკინის ქალამანი“ და საკუთარი უფლებების დასაცავად გამოვედი. კეთილი ადამიანისგან ვისესხე  ჯარიმის, ასევე, ადვოკატისთვის გადასახდელი თანხა. შემდეგ უსამართლო განაჩენი გავასაჩივრე. სასამართლოს ახალი (უკვე სამართლიანი) გადაწყვეტილებით, ეს თანხა მთლიანად დავიბრუნე და ვალი გავისტუმრე.

ძვირფასო მკითხველო, მინდა, სრული წარმოდგენა შეგიქმნა, სიმართლის მთქმელ ჟურნალისტს ამ ქვეყანაში როგორი ხვედრი ელოდება – ფაქტობრივად, რესპონდენტისთვის ჩემს მიერ დასმულ იმ კითხვებს, რომელზე პასუხსაც მარტო მე კი არა, ქართველი სამოქალაქო საზოგადოების უმრავლესობა ხელისუფლებისგან ელოდება – მოყვა ჩემი შევიწროვება, ჩემს მიმართ ახალი ძალადობა, არა მხოლოდ ზონდერის, არამედ სახელმწიფოს მხრიდანაც! ვგულისხმობ უსამართლო დაკავებას, რამაც მომაყენა მორალური ზიანი (მე ხომ, სახელმწიფომ შეიარაღებულ გადატრიალების ბრალდების შემდეგ ამჯერად თამასა დაბლა ჩამომიწია და ხულიგნად გამომაცხადა), თავის გამართლებისთვის ბრძოლაში შეიწირა ჩემი ნერვები და ძვირფასი დრო, რომელიც მე სასამართლოს სხდომებზე საწანწალოდ კი არა, არსებობისთვის საჭირო  ჰონორარის გამოსამუშავებლად უნდა გამომეყენებინა!

18 აპრილის შემდეგ უკვე 6 თვეზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მე დავისაჯე, გამართლებაც მოვასწარი, მაგრამ ჩემზე თავდამსხმელ ნაც მაღალჩინოსანს, ამჟამად უკვე „ევრონაც“დავით ნაფეტვარიძეს სახელმწიფო დაკითხვაზე დაბარებასაც ვერ უბედავს!  ჟურნალისტს ხომ ასე მაიგნორებენ და წარმოიდგინეთ, რა ელის უბრალო ადამიანს, რომელიც ნაც დამნაშავეს უნებურად შეეჯახება?  ამ ქვეყანაში ჯერ ისევ კოაბიტაცია მძვინვარებს. ამ ქვეყანაში  ძალოვნები ჯერ ისევ სახელმწიფო დამნაშავეებს მფარველობენ, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ზონდერებს ამხელენ – მხარდაჭერის ნაცვლად სხვადასხვა საშუალებით უსწორდებიან – ზოგს აჯარიმებენ, ზოგს აპატიმრებენ. ამ ქვეყანაში სამართლის და სამართლიანობის ცნება ფარდობითია! თუნდაც ერთი და იმავე გადაცდომისთვის, ნაცს პასუხს არ სთხოვენ, ანტინაცს კი, მაქსიმალურად სჯიან და ასეთი ფარდობითი მიდგომა უკვე პრაქტიკაში გადაიზარდა!

მარადიული კითხვა – რა ვიღონოთ? როგორ დავუძვრეთ არსებულ სიტუაციას? პასუხი ერთადერთია – ბრძოლა სამოქალაქო ღირებულებების დასაცავად და ღირსების შესანარჩუნებლად დღესაც გრძელდება. არც ერთი მცირე გადაცდომა არ უნდა დავუთმოთ! სიმართლეს ბოლომდე უნდა მივყვეთ და ხელისუფლება ვაიძულოთ, კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანაბრობის შესახებ მითი რეალურ ცოვრებაში განვახორციელებინოთ!

დიახ, მე ასეთი „რკინის ქალამანი“ უკვე ჩავიცვი. რამდენჯერმე, შედეგსაც მივაღწიე და მჯერა, ღვთის შემწეობით სამართალს ამჯერადაც ვაზეიმებ. დამნაშავეს საბრალდებო სკამამდე მივიყვან! დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, რათა სხვამ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა ვეღარ გაბედოს!

პროკურატურას საჯაროდ მივმართავ და დაე, მიპასუხონ:  რატომ ჭიანურდება და ამჟამად რა ეტაპზეა ჟურნალისტ ზაზა დავითაიასთვის ევრონაც დავით ნაფეტვარიძის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმის ძიება, რაც კანონით, სისხლის სამართლის ფარგლებში პასუხისმგებლობას ითვალისწინებს?

გაითვალისწინეთ, ბატონებო – ვერ გამაჩერებთ!

ზაზა დავითაია

წყარო: „ასვალ-დასავალი“

 

 

კომენტარები