“ზელენსკისთან ურთიერთობა არის გაცილებით პრიორიტეტული, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ეხება.
„მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეობასთან ამ ნაბიჯს კავშირი არ აქვს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობა მისთვის არავის ჩამოურთმევია, მან თვითონ თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ – იმ თანამდებობის სანაცვლოდ, რაც შესთავაზეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, რამდენად ძვირი დაუჯდება უკრაინას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება, ამაზე შეფასებას ვერ გააკეთებს.
“უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა და ვლადიმერ ზელენსკისთან, მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა არის გაცილებით უფრო პრიორიტეტული, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები