ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში პრეზენტაცია -“ეკოლოგიური საკითხები ზფქ-ში და მათი გადაწყვეტის გზების ძიება” – გაიმართა.
ღონისძიებას „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციული დირექტორი თემურ ხონელია და კომპანიის გარემოს დაცვის დირექტორი ირაკლი ნოზაძე დაესწრნენ.
„პრეზენტაციის მიზანი იყო ზესტაფონისა და ზოგადად საზოგადოების ფართო წრეებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რა გავაკეთეთ ეკოლოგიური საკითხების მოგვარებისა და გაუმჯობესებისთვის. ჩვენ საბოლოოდ შევქმენით პროექტი, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც შეგვეძლება, მეოთხე საამქროს ღუმელიდან პროდუქციის გამოშვების დროს, ქურიდან და ციცხვიდან გაზების დაჭერა-გაწოვის საკითხის მოგვარება, რადგან არ მოხდეს არაორგანიზებული გაფრქვევის ფაქტები.
სამუშაოებში ჩართული გვყავდა ქართველ მეცნიერთა ჯგუფი, ასევე ჩამოყვანილი გვყავდა უცხოური კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს წინასაპროექტო სამუშაოები და მოგვცეს რეკომენდაციები. პარალელურად, ჩვენი ქარხნის თანამშრომლებისგან ჩამოყალიბებული 5-კაციანი ჯგუფი უკრაინაში, „ნიკოპოლის“ ქარხანაში საუკეთესო პრაქტიკის შესასწავლად გავგზავნეთ. სწორედ ამ ყველაფრის საფუძველზე მომზადდა პრეზენტაცია, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ. პრეზენტაციაზე დასწრება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს და მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების ჩართულობა მართლაც მაღალი იყო”,- განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

კომენტარები