ზვავის დროს მოქმედების წესები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს!

ზვავი არის თოვლის დიდი მასა, რომელიც მოგორავს ან მოსრიალებს მთების ციცაბო ფერდობებიდან. თოვლის ზვავის სიჩქარე შეიძლება აღემატებოდეს 100 მეტრს წამში. ზვავის ჩამოწოლის დროს წარმოიქმნება ჰაერის ტალღა, რომელიც წინ უძღვის თოვლის მასას. ზვავი წარმოიქმნება ხანგრძლივი თოვის, თოვლის ინტენსიური დნობის, მიწისძვრის, აფეთქებებისა და სხვა ანთროპოგენური საქმიანობის შედეგად, რომელიც იწვევს მთის ფერდობებისა და საჰაერო სივრცის რყევას. ზვავი შეიძლება გამოიწვიოს ასევე ძლიერმა ხმაურმა, ადამიანის ყვირილმა ან შეძახილმა. ზვავს წინ უსწრებს სპეციფიური სტვენის ხმა, რომელიც მის მოახლოვებას მოასწავებს.

მოქმედების წესები კატასტროფამდეკატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ

კატასტროფამდე

  1. არ წახვიდეთ მთაში ავდარში და თოვის დროს, ხოლო თუ უამინდობაში გარეთ გასვლა გიწევთ, ამის შესახებ აცნობეთ ისეთ პიროვნებას, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდება სამაშველო სამსახურს.
  2. მთაში ყოფნისას ყურადღება მიაქციეთ ამინდის ცვლილებას.
  3. მთაში წასვლისას უნდა იცოდეთ იმ ტერიტორიაზე ზვავის შესაძლო ჩამოწოლის ადგილები.
  4. თავი აარიდეთ ადგილებს, სადაც არსებობს ზვავის ჩამოწოლის საშიშროება. ზვავი უფრო ხშირია მთის იმ ფერდობებზე, რომელთა დახრილობა 300-ს, ხოლო ტყით და ბუჩქნარით დაუფარავ ფერდობებზე – 200-ს აღემატება. ზვავის ჩამოწოლა პრაქტიკულად, ყოველი თოვის დროს იმ ფერდობებზე აღინიშნება, რომელთა დახრილობა 450-ზე მეტია.
  5. ზვავსაშიშროების პერიოდში თავი აარიდეთ იმ ფერდობებსა და მთის ძირში გადაადგილებას, რომლის ფერდობების დახრილობა 300-ზე მეტია, ხოლო თოვის შემდეგ იმ ფერდობებსა და მთის ძირში მოძრაობას, რომლის ფერდობების დახრილობა 200-ის ფარგლებშია.
  6. დაიმახსოვრეთ, რომ ზვავის ჩამოწოლის ყველაზე საშიში პერიოდი გაზაფხულის დღეა, როდესაც თოვლის საფარი უკვე მაღალია და იგი დნობას იწვევს, მზის ამოსვლიდან – მზის ჩასვლამდე. ზვავსაშიშროება მაღალმთიან ზონაში ზაფხულის თვეებშიც ნარჩუნდება.

კატასტროფის დროს

  1. სასწრაფოდ უნდა დატოვოთ სახიფათო ადგილი სირბილით ან ჩქარი ნაბიჯით და გადახვიდეთ უსაფრთხო ადგილას, ან მოეფაროთ კლდის შვერილს; არ დადგეთ ნორჩი ხეების უკან.
  2. თუ ზვავს ვერ გაექეცით, განთავისუფლდით ბარგისაგან, მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა ან გუნდის ფორმა, თავით ზვავის მოძრაობის მიმართულებით.
  3. შეეცადეთ მჭიდროთ შეკრული ხელებით მიიკრათ მუხლები მუცელზე.
  4. პირისა და ცხვირის დაცვის მიზნით, სახეზე აიფარეთ ხელთათმანები, შარფი, საყელო. ეცადეთ, ზვავის ზედაპირზე დარჩეთ, ხოლო ხელების ცურვისმაგვარი მოძრაობებით ზვავის კიდისაკენ გადაადგილეთ (ზვავის კიდეზე მისი მოძრაობის სიჩქარე მცირეა).
  5. როცა ზვავი გაჩერდება, შეეცადეთ სახის და მკერდის ირგვლივ თავისუფალი სივრცე შექმნათ, რაც გაგიადვილებთ სუნთქვას.
  6. თუ საშუალება გექნებათ, იმოძრავეთ ზედაპირისაკენ (თუ საით არის მიწის ზედაპირი, რაიმე ნივთის ან ნერწყვის ვარდნის მიმართულების მეშვეობით გაარკვევთ).
  7. ზვავში მოყოლისას არ იყვიროთ; თოვლი მთლიანად ახშობს ხმას, გაუფრთხილდით ძალ-ღონეს, ჟანგბადსა და სითბოს.
  8. ეცადეთ, არ დაიძინოთ.
  9. გახსოვდეთ, რომ თქვენ გეძებენ და აუცილებლად გადაგარჩენენ. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ზვავში მოყოლილი ადამიანები ხშირად რამდენიმე დღის, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში, ორი კვირის შემდეგაც კი გადაურჩენიათ.

კატასტროფის შემდეგ

  1. თუ თქვენ ზვავის ჩამოწოლის ზონის გარეთ აღმოჩნდით, ნებისმიერი საშუალებით შეატყობინეთ მომხდარი უბედურების შესახებ უახლოესი დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციას და შეუდექით დაზარალებულების ძებნას.
  2. დამოუკიდებლად ან მაშველების დახმარებით, თოვლიდან გამოსვლისას ყურადღებით შეათვალიერეთ თქვენი სხეული და, საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინეთ თქვენს თავს დახმარება.
  3. შეატყობინეთ თქვენს ნათესავებს და ახლობლებს თქვენი მდგომარეობისა და ადგილმდებარეობის შესახებ.
  4. მიმართეთ ადგილობრივ სამედიცინო პუნქტს ან ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუ თვლით, რომ არ დაზიანებულხართ. შემდეგ კი იმოქმედეთ ექიმის ან სამაშველო რაზმის ხელმძღვანელის მითითებების თანახმად.

წყარო: tbilisi.gov.ge

კომენტარები