ზვიად ტომარაძე: თბილისში მშენებლობების ბუმია. ახალაშენებული კორპუსების აივნებიდან კი, უცხოელები იმზირებიან!

ყოველწლიურად, უამრავი ქართველი ტოვებს სამშობლოს.ისინი საცხოვრებელ კერებს ყიდიან და თავის სარჩენად უცხოეთში მიემგზავრებიან. ამასობაში, თბილისში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გამალებით მიმდინარეობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ახალ კორპუსებში დიდი რაოდენობით მიგრანტები სახლდებიან, რომელთა უმრავლესობა საქართველოში აზიური ქვეყნებიდან ჩამოდის. ამაში საქართველოსკანონმდებლობა ხელს უწყობთ – საკმარისია, უცხოელმა გარკვეული ღირებულების უძრავი საკუთრება შეიძინოს, რომ თითქმის ავტომატურად ღებულობს საქართველოში ბინდარობის უფლებას. –„საქმე გვაქვს დიდ ღალატთან. ეს კანონი კონკრეტული სამშენებლო კომპანიების ინტერესებს ემსახურება, რომლებიც საქართველოში დემოგრაფიული ბალანსის ქართველების საზიანოდ შეცვლის ხარჯზე მდიდრდებიან!“ – ასეთი სკანდალური სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ლიდერმა, ზვიად ტომარაძემ:

– 1 წლის წინ საინიციატივო ჯგუფმა 23 ადამიანის შემადგენლობით, საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიტანეთჩემი დაწერილი,35 ათასი მოქალაქის ხელმოწერით გამყარებული კანონპროექტი, რომელიც უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის უფლების გაყიდვის აკრძალვას ითვალისწინებდა. თავიდანვე ნათელი გახდა, რომ პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერილ ამკანონპროექტს ამოქმედება არ ეწერა. დრო მაქსიმალურად გააჭიანურეს, მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვის და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტებმა მოისმინეს, ხოლო იურდიულ საკითხთა კომიტეტს პროექტი დღემდე არ განუხილავს. ივნისში ვისარგებლე ჩემი უფლებით და პარლამენტის ბიუროს ვთხოვე, საკითხი პირდაპირ პლენარულ სხდომაზე გაეტანათ. პასუხად, ოფიციალური წერილით მაცნობეს, რომ პროექტის განხილვა მიმდინარე წლის 13 სექტემბრამდე მოხდებოდა. მას მერეთვეზე მეტი გავიდა. განიხილეს 2019 წელს შეტანილი ყველა კანონპროექტი, თუმცა ეს კანონპროექტი, რომელიც გაცილებით ადრე – 2018 წელს არის შეტანილი – არც გახსენებიათ.

– ანუ, საქართველოში ბინადრობის უფლება უცხოელებზე კვლავ იყიდება?

– დიახ, ისევ იყიდება, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ ხელისუფლებამ საქართველოში ბინადრობის უფლება გააძვირა. ადრე უცხოელს 35 ათასი დოლარის ეკვივალენტის ფარგლებში უნდა შეეძინა საკუთრება და იუსტიციის სახლში ამ საკუთრების დამადასტურებელი საბუთი წარედგინა, რათა ჩვენს ქვეყანაში ერთწლიანი ბინადრობის უფლება მოეპოვებინა. თუ ერთი წლის განმავლობაში უცხოელი შეძენილ საკუთრებას არ გაყიდდა, ბინადრობის უფლება კიდევ 1 წლით უგრძელდებოდა და ასე გაგრძელდებოდა იქამდე, ვიდრე საკუთრება ექნებოდა. ფაქტობრივად, ამ კანონის ფარგლებში, უცხოელს საქართველოში ლეგალურად განუსაზღვრელი ვადით შეეძლო ცხოვრება. ახალი კანონის ფარგლებში ბევრი არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ტარიფი გაიზარდა და ამჟამად 100 ათას დოლარს შეადგენს.

– ამხელა თანხას ხომ, მრავალი უცხოელი ვერ გადაიხდის და შესაბამისად, ბინადრობის უფლებასაც ვერ მოიპოვებს?

– არა, ასე არ არის. ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად ტარიფის გაძვირება საქართველოში უცხოელების მოძალების პროცესს ვერ შეაჩერებს და დროა სიმართლე ხმამაღლა ითქვას – დღეს მოქმედი კანონი ამ მიზანს სულაც არ ემსახურება! ჩვენ, კონსერვატიულ პოზიციებზე მყოფი სამოქალაქო საზოგადოება, სულაც არ ვართ წინააღმდეგი, რომ სასწავლებლად, მკურნალობის, ინვესტიციის ჩადების, ან მუშაობის მიზნით საქართველოში ჩამოსულ უცხოელებზე ბინადრობის უფლება გაიცემოდეს. სხვა ქვეყნებშიც ხდება იგივე და ამაში საგანგაშო არაფერია, მაგრამ ისედაც მწვავე დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქართველი ერი უახლოეს მომავალში საკუთარ სამშობლოში უმცირესობაში რომ არ აღმოჩნდეს, უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების გაცემა მკაცრიჩარჩოებით უნდა რეგულირდებოდეს! თუმცა, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები მავანმასაკუთარი ჯიბის გასქელების სანაცვლოდ დათმო.

– რა გაქვთ მხედველობაში?

– ჩვენი კანონპროექტის პარალელურად, შარშან პარლამენტში ალტერნატიული კანონპროექტი ქართული ოცნების დეპუტატებმა – ივლიანე წულაიამ და გოჩა ენუქიძემ შეიტანეს. მკითხველს მარტივად რომ ავუხსნათ, მათ კანონპროექტში ეწერა, რომ სამშობლოს ძალიან იაფად – 35 ათას დოლარად ვყიდით და ბინადრობის უფლება გაცილებით მეტი – 100 ათასი დოლარი უნდა ღირდესო. პარლამენტმა მიმდინარე წლის აგვისტოში ამ ბატონების კანონპროექტი მიიღო და ამჟამად, უცხოელები ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად, საქართველოში არა 35 ათასის, არამედ, 100 ათასი დოლარის ღირებულების საკუთრებას ყიდულობენ. საკუთრება ძირითადად, საცხოვრებელ ბინებს წარმოადგენს.პირდაპირ გეუბნებით – ეს არის არა ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით მიღებული, არამედ, სამშენებლო კომპანიების ლობისტური კანონპროექტი. ბატონი ივლიანე წულაია პარლამენტში შესვლამდე გახლდათ კომპანია „არქი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი. როდესაც პარლამენტში შევიდა, ამ პოსტზე დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა და,როგორც ქართულ რეალობაში ხდება ხოლმე, თანამდებობა საკუთარ ახლობელს გადააბარა.თავადაც არ მალავს, რომ ამ კომპანიაში ინტერესები დღემდე გააჩნია. ანალოგიურად, სამშენებლო ინტერესები გააჩნია ბატონ გოჩა ენუქიძესაც. მათი კანონპროექტი ფაქტობრივად, ყველა მიგრანტს ავალდებულებს, რომ 100 ათასი დოლარის ღირებულების ბინები შეიძინონ. მათ შორის, იმ მიგრანტებსაც, რომლებმაც ძველი კანონის ფარგლებში 35 ათასი დოლარის ღირებულების ფარგლებში უკვე შეძენილი აქვთ საკუთრება. ისინი იძულებულნი არიან, ძველისაკუთრება გაყიდონ, ფული დაამატონ და ამჯერად,100 ათას დოლარამდე გაიღონ საკუთრების შესაძენად, რათა ახალი კანონის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ამასობაში, სამშენებლო კომპანიებს ორმაგი მოგება აქვთ და კორპუსების მშენებლობას ჟრიამულით განაგრძობენ. ახალაშენებული კორპუსების აივნებიდან უცხოელები იმზირებიან. ზოგ კორპუსში ისინი უმრავლესობასაც წარმოადგენენ და უკვე, ქართულის პარალელურად, კედლებზე სხვადასხვა ენაზე დაწერილ განცხადებებსაც ხშირად დაინახავთ.

ივლიანე წულაია

– თქვენს კანონპროექტშიმათგან განსხვავებით, რა წერია?

– ივლიანე წულაიასთან და გოჩა ენუქიძესთან მე სადავო არაფერი მექნებოდა, თუ თავიანთ კანოპნპროექტს „სამშენებლო ბიზნესის განვითარების“ ფარგლებში წარმოადგენდნენ. უბედურება იმაშია, რომ თავიანთი ბიზნესინტერესები მიგრანტებისგან მოსალოდნელი საფრთხეების განეიტრალების აუცილებლობით შეფუთეს, თუმცა, საზოგადოება მოტყუებული დარჩა – ბინადრობის უფლების გაძვირებამ მიგრანტების ნაკადი ვერ შეამცირა!

გოჩა ენუქიძე

მათი კანონისგან განსხვავებით, თუ ჩვენი კანონპროექტი ამოქმედდება, მიგრანტებისთვის საქართველოში ცხოვრების უფლების მიყიდვის წესი გაუქმდება! ხოლო, ის მიგრანტი, რომელსაც უკვე შეძენილი აქვს საკუთრება, მაგრამ ცხოვრების ვადა გაუვა და იუსტიციის სახლს ვადის გასაგრძელებლად მიაკითხავს, განუცხადებენ, რომ ჩვენთან კანონი შეიცვალა და საკუთრების ქონა აღარ არის საკმარისი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად. ანუ, ვინც საქართველოში დასახლების მიზნით ჩამოვიდა, ამას ვეღარ შეძლებს და მხოლოდ იმას მოახერხებს, ჩვენს ქვეყანას ტურისტის ამპლუაში ესტუმროს.

– ზვიად, მეტისმეტად ხომ არ ვაზვიადებთ საფრთხეს?

– პირიქით, ბევრად უფრო რთულადაა საქმე, ვიდრე წარმოგვიდგენია. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება გაცილებით მეტი ღონისძიების გატარებას მოითხოვს და ვალდებულნი ვართ, რომ დავაზღვიოთ. საქართველო სხვადასხვა გარემოების შედეგად მიმზიდველი გახდა უცხოელებისთვის. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს მასობრივი მიგრაციის პროცესები. წყლის დეფიციტის გამო მილიონობით ადამიანი ტოვებს მშობლიურ კერებს და უკეთეს პირობებში დასამკვიდრებლად მიემგზავრება. მათთვის საქართველოში საცხოვრებლად საუკეთესო პირობებია, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამედროვე პოლიტიკურ კრიზისებზე, შეუარაღებულ კონფლიქტებზე, რომელიც საკუთარ ქვეყნებში დევნილ უცხოტომელებს საქართველოში მასობრივად ჩამოსახლებისკენ უბიძგებს.

საქართველო იმ ადამიანებისთვისაც სასურველი ქვეყანაა, ვისაც აზარტული თამაშები, ნარკოტიკები ან ბოჰემური ცხოვრება იტაცებს, მაგრამ საკუთარ სამშობლოში ამას ვერ ახერხებს. საქართველოში კი, სამწუხაროდ, ყველაფერი ნებადართულია და ასეთი ადამიანებისთვის საუკეთესო თავშესაფარია. ქართველი ხალხი შესაძლოა, ერთ, არცთუ მშვენიერ დღესდემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ფაქტობრივად, უკვე ვდგავართ ასეთი საფრთხის წინაშე და სრულიად ბუნებრივია, თუ პრევენციისთვის ნაბიჯებს გადავდგამთ! რომც არ ვიდგეთ, მაინც ვალდებულები ვართ, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ვიზრუნოთ, თუმცა, ვიმეორებ, საფრთხე რეალურია და განსაცდელიც, უფრო ახლოსაა, ვიდრე გვგონია!

ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: „ასავალ-დასავალი“

კომენტარები