ზუგდიდის ბოტანიკურ  ბაღში დაირგო 22 ძირი სხვადასხვა ვარდის კულტივარი. ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს

ზუგდიდის ბოტანიკურ  ბაღში დაირგო 22 ძირი სხვადასხვა ვარდის კულტივარი. ასევე, გაითიბა მწვანე საფარი და დასუფთავდა საჩვენებელ – საკოლექციო ნაკვეთი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება, შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქნა მიღებული.

-„მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.ამ მიმართულებით, მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის ქალაქის სავიზიტო ბარათი და ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შიდა ტურიზმის განვითარებას”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის ისტორიულმა ბოტანიკურმა ბაღმა 175 წლის შემდეგ ახალი სიცოცხლე შეიძინა. ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენის სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოუვლელობის გამო, ბაღი თითქმის სრულად იყო განადგურებული.

ფონდ „ქართუსა“ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ მომზადდა.

ბაღის ტერიტორიაზე განახლდა არსებული შენობები, მოეწყო სასეირნო ბილიკები, ხელოვნური ტბა, ჰერბარიუმი. ბაღს დაემატა მცენარეთა ახალი ჯიშები.

ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო. აქ 300 ძირი ახალი მცენარე დარგეს. მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარეგანათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას.

ბაღში განთავსდა 400-მდე სკამი, ნაგვის ურნები. მოეწყო გარე განათებაც. ტერიტორიაზე ირგვება 3000 ძირი სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული ხე, ბუჩქი თუ დეკორატიული მცენარე.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, რეაბილიტაციის პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საქართველოს სხვა 4 ისტორიულ ბაღთან ერთად, ჩაერთო ევროსაბჭოს კულტურულ მარშრუტში. ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო 2019 წელს შეუერთდა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია, მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ, 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 11 მილიონი ლარია.

კომენტარები