ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთი მამაკაცი დაიღუპა
ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთი მამაკაცი დაიღუპა. სამი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა.
დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ნიკოლოზ ივარდავა კატასტროფის ბრიგადამ გვაინა ღამით თბილისში გადაიყვანა.
ორი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომელიც რუხი–ნაწულუკუს ტერიტორიაზე „ფოლკსვაგენს“ შეეჯახა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ ზუგდიდში შენიშნეს. მძღოლი წესების დარღვევით და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. სამართალდამცველებმა მას მოძრაობის შეწყვეტისკენ არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა ის მათ არ დაემორჩილა და სოფელი რუხის მიმართულებით განაგრძო სვლა.
რუხი–ნაწულუკუს ტერიტორიაზე აღნიშნული ავტომობილი სავალი ზოლიდან გადავიდა „ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევას „ოპელის“ მძღოლი, 1961 წელს დაბადებული ი.შ. ემსხვერპლა, „ფოლკსვაგენის” მძღოლი და ორი მგზავრი კი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს“.