ზუგდიდში ღვთისმშობლის საფარველის მოზაიკური ხატის დადგმა სურთ

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის საფარველის მოზაიკური ხატის დადგმა სურთ. ინიციატივა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ეკუთვნის.

ეპისკოპოსის მდივნის, მამა დიმიტრი ვეკუას განცხადებით, ეს ადგილი იმიტომ შეარჩიეს, რომ თვალსაჩინოა. როცა სტუმარი ქალაქში შემოდის, უნდა აღიქვას და გაიაზროს, თუ როგორ ქრისტიანულ-კულტურულ სივრცეში იმყოფება. წარმოდგენილი ესკიზი პირობითია და მასშტაბი სავარაუდოდ გაიზრდება.

მოზაიკური ხატის დადგმა სიმბოლურიცაა, რადგან დადიანების მუზეუმი ღვთისმშობლის კვართს ინახავს. ეს ერთგვარად რელიგიური ტურიზმის გააქტიურებასაც შეუწყობს ხელს, რისი პოტენციალიც ქალაქს აქვს.

„ჩვენი ქალაქი  უდიდეს სიწმინდეს ინახავს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსან სამოსელს. ეს იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ხატი, რომელიც უნდა დაიდგას. როცა სტუმარი შემოდის ქალაქში, მან უნდა აღიქვას, რა ქრისტიანულ-კულტურულ სივრცეში იმყოფება და გაიაზროს”, – აღნიშნა ეპარქიის მდივანმა.

იმ ადგილას, სადაც ღვთისმშობლის მოზაიკური ხატის დადგმა სურთ, ბოლოს ჯვარი იყო აღმართული. მანამდე აქ ერთმანეთის მონაცვლეობით ლენინის და სტალინის ძეგლები იდგა.

ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ შანავა ძველი ზუგდიდის ფოტოსურათებს ინახავს. მან განაცხადა, რომ 1946 წლამდე მთავარ მოედანზე ლენინის ძეგლი იდგა. შემდეგ მისი დემონტაჟი მოხდა და  სტალინის ძეგლი დადგეს უკვე მაღალ კვარცხლბეკზე. მსგავსი სიდიდის ძეგლები საქართველოში მხოლოდ სამი იყო – თბილისში, გორსა და ზუგდიდში. სტალინის ძეგლი და კვარცხლბეკი 1960-იანი წლების დასაწყისში დაანგრიეს და დარჩა მხოლოდ ტრიბუნა, სადაც მოზაიკური ხატის დადგმა იგეგმება.

„მაშინ ბავშვი ვიყავი, როცა სტალინის ძეგლს ანგრევდნენ. მონაყოლით ვიცი: ერთ მოქალაქეს, თავდადებულ სტალინელს მუშებისთვის ქვა უსროლია. ძირითადად დემონტაჟზე ღამით მუშაობდნენ. ძეგლი ერთ დღეში ჩამოიღეს. კვრაცხლბეკს კი თურმე რამდენიმე დღე ანგრევდნენ“, – აღნიშნა თენგიზ შანავამ.

საბოლოოდ როგორი იქნება ღვთისმშობლის მოზაიკური ხატი, ჯერ ეპარქიაში არ იციან. ზუგდიდის მერიაში განაცხადეს, რომ მაკეტის დადგმას რაიმე ნებართვა არ სჭირდება, თუმცა ქალაქის სივრცითი მოწყობაც უნდა გაითვალისწინონ, მით უფრო, როცა საქმე ცენტრალურ ადგილს ეხება, რომელსაც ზუგდიდში შემომსვლელი ყველა სტუმარი დაინახავს.

კომენტარები