ზურაბ ნოღაიდელის ინფორმაციით, 2005 წელს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავით გარეჯის სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, 2005 წელს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავით გარეჯის სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა, რის შემდეგაც სააკაშვილმა გააკეთა დასკვნა, რომ მთავარი ამოცანა მათი რესტავრაციაა.

„კარტოგრაფების საქმის“ ფარგლებში გამოკითხვის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.  ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხს თავად იხილავდა როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, საბჭოს სხდომების ფარგლებში. მისი განცხადებით, 2005 წელს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე პირდაპირ დაისვა კითხვა, თუ რომელ მხარეს რჩებოდა დავით გარეჯის კომპლექსის სამი სალოცავი.

„მე პირადად, საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხს, დელიმიტაციასა და დემარკაციას ვიხილავდი მხოლოდ როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, საბჭოს სხდომების ფარგლებში. ერთ-ერთ სხდომაზე იყო სწორედ ამ საკითხის განხილვა, სადაც პირდაპირ დაისვა საკითხი, თუ რომელ მხარეს იქნებოდა, დავით გარეჯის სამ სალოცავზეა საუბარი. აქ ისე მიდის საუბრები, ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, თითქოს დავით გარეჯის ყველა სალოცავი არის საკამათო. 2005 წელსაა ეს უშიშროების საბჭო. შესაბამისად, საუბარია ჩიჩხიტურის, უდაბნოსა და ბერთუბნის სალოცავებზე, მონასტრებზე, კოშკზე. შესაბამისად, უშიშროების საბჭოზე პირდაპირ დაისვა კითხვა, თუ რომელ მხარეს იქნებოდა ეს სამი სალოცავი. მართალი რომ გითხრათ, ვინ იყო მომხსენებელი, ზუსტად არ მახსოვს, გამოძიებასაც ეს ვუთხარი ჩვენებაში, მაგრამ ალბათ სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ხელმძღვანელი ან ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი იქნებოდა. ეს საკითხი იყო დეტალურად განხილული და იქ დაისვა კითხვა, თუ რომელ მხარეს რჩებოდა დავით გარეჯის კომპლექსის ეს სამი სალოცავი. ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ, ყოველგვარი თუს გარეშე ან იმის გარეშე, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ეს საბუთები, ეს რუკები და სხვაგან სხვა რუკებია, ძალიან მკაფიოდ, პირდაპირ ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავით გარეჯის ეს სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა. კითხვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასვა, შესაბამისად, პასუხი მიიღო მომხსენებლისგან. ამის შემდეგ სააკაშვილმა გააკეთა დასკვნა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა რჩება ამ ძეგლების რესტავრაცია და ქართულ სალოცავებად შენარჩუნება“ , – აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა.

კომენტარები