ზურაბ ქუმსიაშვილი: ქართველებს ზღვის შიში გვაქვს

 – „შიში ადამიანის ისეთი შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია მოსალოდნელი ან სავარაუდო ხიფათით.

ზოგადად, საშიში ფაქტორები თავისი რაოდენობრივი, ხარისხობრივი და ხანგრძლივობითი ხასიათით, სხვადასხვაგვარია.

საშიში ფაქტორების გარდა, შიშის მდგომარეობა შესაძლოა იყოს შედეგი ისეთი ფსიქიკური აშლილობისა, როგორიცაა ფობია. ფობიის სიმპტომი არის გარკვეულ გარემოსა და სიტუაციებში მოხვედრისას ირაციონალური, არაკონტროლირებადი შიში და ამ ფონზე აღმოცენებული მდგრადი ფსიქიკური განცდები. 

კლასიფიკაციის მიხედვით შიშები შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: ბიოლოგიური, სოციალური და ეგზისტენციალური. 

ბიოლოგიურს განეკუთვნება ისეთი შიში, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის პრობლემასთანაა კავშირში. მაგალითად, ხანძარი, ველურ პირობებში ცხოველებთან შეხვედრა და სხვა.

სოციალური მიეკუთვნება ისეთ შიშს, რომელიც უკავშირდება ადამიანის სოციალური სტსტუსის ცვლილებას. მაგალითად, ხალხის მასებთან სიტყვით გამოსვლა, შეხვედრა უცხო ადამიანებთან, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და სხვა.

ეგზისტენციალური შიშები კავშირშია ინტელექტთან და გამოწვეულია ისეთი მოსაზრებებით, რომლებიც ეხება სიცოცხლისა და სიკვდილის პრობლემას, ასევე ადამიანის არსებობას. ეს არის შიში სიკვდილის წინ, დროის შიში, ადამიანის არსებობის უაზრობის შიში და სხვა. ეგზისტენციალიზმი არსებობის ფილოსოფიაა, რომელიც აქცენტს აკეთებს ადამიანის ყოფიერებაზე. საინტერესოა ამ ფილოსოფიური მიმართულების დამაარსებლის სიორენ კირკეგორის ტრაქტატი „შიში და შფოთი“, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ღმერთის რწმენაზე და თანამედროვე პირობებში ამ რწმენის შესაძლებლობაზე.

ადამიანების სხვადასხვა სოციალური ფენებისთვის სხვადასხვაგვარი შიშებია დამახასიათებელი. ასევე შიშები შესაძლოა სხვადასხვა რამის მიმართ ჰქონდეთ სხვადასხვა კულტურის და ეროვნების ადამიანებს. ზოგადად, სოციალური და ეგზისტენციალური შიშები აბრკოლებს ინდივიდის და საზოგადოების განვითარებას.

კონკრეტული ფაქტები შეიძლება საქართველოს მაგალითზეც განვიხილოთ. ერთი შეხედვით, ქართველები მებრძოლი და უშიშარი ხალხია, მაგრამ არის ისეთი თემები, სადაც არათუ ზოგიერთ ქართველს, არამედ მთელ ერს ახასიათებს კონკრეტული შიშები. 

როგორც ცნობილია, საქართველო ზღვისპირა ქვეყანაა და 3000 წლის მანძილზე ქართველებს ერთი გემიც არ აუშენებიათ. არც მეთევზეობაა ჩვენში ისე განვითარებული, როგორც სხვა ქვეყნებში. სამოყვარულო, სპორტული და პროფესიონალური დაივინგის კუთხით ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანას ჩამოვრჩებით, მათ შორის სომხეთსაც, რომელსაც ზღვა არ აქვს და აქვს საზღვაო მუზეუმი, სადაც საკუთარი აშენებული გემი ჰყავთ.

ის ფაქტი, რომ ქართველს ზღვის შიში აქვს, ამან ჩვენი ქვეყნის განვითარებას დიდი ზიანი მიაყენა. ქართველებს გაჭირვების და შიმშილის უამრავი პერიოდი ჰქონდათ ბოლო 3000 წლის მანძილზე და გემი რომ აეშენებინათ, შავ ზღვაში არსებული მბრუნავი დინებების მეშვეობით, მინიმალური ენერგიის დანახარჯით გადაცურავდნენ ზღვას, იპოვნიდნენ მდინარე დუნაის, რომლის ნაპირები სხვადასხვა სახელმწიფოებს ეკუთვნის და ისე ჩააღწევდნენ ავსტრიამდე, რომ არცერთი ქვეყნის საზღვარს არ დაარღვევდნენ. წარმოიდგინეთ, ასეთი მოგზაურობები რამხელა ეკონომიკურ აღმავლობას მოუტანდა საქართველოს. კეფალსაც კი არ იჭერდნენ, რომელიც უხვად იყო შავ ზღვაში, რადგან ეს თევზი ნაპირთან 150 მეტრზე ახლოს არ მოდის. სიტყვა „ზღვარიც“ ჩვენში იმას ნიშნავს, რომ იმის იქით არ შეიძლება და სიტყვა ზღვისგან წარმოიშვა. დღესაც, 21-ე საუკუნეში, თავისი ზღვის შესაძლებლობების 1%-საც კი არ იყენებს საქართველო.

კომენტარები