ზურა ბალანჩივაძემ და მისმა ძმამ კორონავირუსი დაამარცხეს – „ყველაზე გრძელვადიანი კოვიდპაციენტი მე აღმოვჩნდი”

-„დღე 22.
საავადმყოფოში ვინმე 19 დღეს ყოფილხართ? ლამის ყოველი დილა შენს კართან მოახლოებული შრიალით რომ იწყება და ძილბურანში გახვეულს რომ აღარ გახსოვს, დღესაც უნდა შეგიყვანონ ვენაში ნემსი თუ არა. ასე გავიდა ჩემთვის 19 დღე და ირაკლისთვის – 15. მესამე სართულზე ყველაზე გრძელვადიანი კოვიდპაციენტი მე აღმოვჩნდი.

გამოგვწერეს.

ანალიზებიდან ყველაფერი ნორმაში გვაქვს ან ნორმას უახლოვდება და ჩემი დე დიმერიც (სისხლის შედედების კოეფიციენტი) იკლებს. რამდენიმე დღის წინ ნორმაზე დაახლოებით 9ჯერ მაღალი მქონდა და თრომბოემბოლიის განვითარების საშიშროებას ქმნიდა, რასაც სახლის პირობებში ადამიანი ვერაფრით გაიგებს. ახლა მხოლოდ 4-ჯერ აჭარბებს ნორმას, მაგრამ რახანაც ვირუსი განდევნილია და სხვა ანალიზებმა თრომბის საშიშროება არ აჩვენა, ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მედიკამენტები სახლის პირობებში მივიღო და ორ კვიაში გადავიკონტროლო სისხლის ანალიზი.

მოკლედ, კარგად დაგვარიგეს და გამოგვიშვეს. ბევრი სითხე, აქტიურობა, ოღონდ არა გადაღლა. სხვათა შორის, რომ მეგონა, რომ ენერგია მაქვს, არც მთლად ეგრე ყოფილა საქმე – მაინც სისუსტე სცოდნია, რაც დროთა განმავლობაში გაივლის.

როცა მეკითხებიან, რაიმე განსაკუთრებული შეგრძნება თუ განმიცდია კორონავირუსისგან, ალბათ, მხოლოდ ზურგის კუნთების ტკივილს ვიტყვი, რომელიც ხან მე და ხან ირაკლის ძალიან გვაწუხებდა. დანარჩენი, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ინდივიდუალურია.

მახსოვს, თავიდან რომ მიმიყვანეს 40 პაციენტიც არ იწვა ჩემს სართულზე, ხშირად შემოდიოდნენ და მკითხულობდნენ, მაგრამ ბოლო ერთ კვირაში იმდენი დაემატათ და თან პერსონალის ნაწილიც დაავადდა, რომ მივხვდით, რა გაძლებაზე არიან. ალაგ-ალაგ პალატებიდან გვესმოდა ლანძღვა-გინების ხმაც. ზოგი ექიმებს აგინებდა, ზოგი ყველას, ისიც კი გავიგე, რომ ჩვენი სართულის ზემოთ, გართულებების მქონე პაციენტებიდან ზოგს ახლაც არ სჯერა კორონასი. არადა რა მნიშვნელობა აქვს, გჯერა თუ არ გჯერა ასეთ დროს, მართლა ვერ ვხვდები, მაგრამ კი, ეს ყველაფერი ნამდვილად იყო და ნამდვილად არის…

რა იქნება ახლა? იქნება ვაქცინა? იქნება წამალი? ალბათ ყველაფერიც იქნება და მანამდე ალბათ კიდევ ძალიან ბევრი დაინფიცირდება და თუკი ეს მოსახდენია, ერთადერთს, რასაც ვისურვებ, არის ის, რომ ინფიცირება იყოს არა ტოტალური, არამედ ეტაპობრივი, ატანადი რაოდენობით, რომ სისტემა არ გადატყდეს და მსხვერპლი მაქსიმალურად ნაკლები იყოს.

კიდევ ერთხელ მინდა, ყველა ექიმს, ექთანს, სანიტარს, ჩვენს მკურნალ ექიმს – ნანა რატიანს და საავადმყოფოს უფროსს – ზურაბ უტიაშვილს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მაქსიმალურს აკეთებენ ჩემთვის, ირაკლისთვის და ყველასთვის მკურნალობის ამ უსასრულო პროცესის გასაიოლებლად. ამდენი ანალიზი, სერვისი, არც-თუ იაფი მედიკამენტი და სამჯერადი ძალიან ნორმალური კვება ნამდვილად არ არის ცოტა და ყველა კოვიდკლინიკა ასე მარაგდება.

სულ ეს იყო, რაც მინდოდა, მეთქვა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

ჯანმრთელობა ყველას”, -წერს ტელეკომპანია “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი, ზურა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში.

ის და მისი ძმა, რომელიც ასევე Covid19-ით იყო ინფიცირებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

კომენტარები