თამაზ მოლაშვილი: როცა ჩემი შვილის მკვლელს ხმას აძლევთ, წარმოიდგინეთ, სულხანის ადგილზე თქვენი შვილია!
შვილი უკანონოდ დაუპატიმრეს და აღიარებითი ჩვენების გამოძალვის მიზნით სასტიკად აწამეს… გათავისუფლებას კი ეღირსა, მაგრამ სულხან მოლაშვილი მაინც, საპატიმროში წამებით მიყენებულ ჯანმრთელობის მძიმე დარღვევებს ემსხვერპლა! გამწარებული მამა ყოველდღე ციხის ამანათების განყოფილებაში დაიარებოდა, რათა გულის გადასაყოლებლად, შვილისთვის გაზეთები შეეგზავნა. ერთხელაც, ციხის კართან წინასწარმეტყველური სიტყვები აღმოხდა: სააკაშვილო, დადგება დრო, როცა გაზეთებს სულხანის მაგივრად შენ მოგიტან! წინასწარმეტყველება ზედმიწევნით ახდა – სულხან მოლაშვილი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისმა მამამ, ხელოვნების სკოლის დირექტორმა და თავადაც ცნობილმა ხელოვანმა, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შვილმოკლულმა მამამ, თამაზ მოლაშვილმა ამჯერად უკვე პატიმარი სააკაშვილისთვის გადასაცემად სასჯელაღსრულების მე-12 რუსთავის დაწესებულებასთან გაზეთების დასტა მიიტანა!
– არასოდეს გამხარებია ადამიანის დაპატიმრება, მაგრამ გამოგიტყდებით, როდესაც ტელეეკრანზე ხელბორკილებიანი სააკაშვილი დავინახე, მესიამოვნა! მაშინვე ჩემი წინასწარმეტყველება გამახსენდა და ჟრუანტელმა დამიარა, განცვიფრებულმა გავიაზრე, რომ უფლის ნებით, ჟამი დგება, როცა ბოროტს ყველა დანაშაულის, მათ შორის, ჩემი სულხანის მკვლელობის გამო პასუხი უნდა მოეკითხოს! ბედი უცნაური რამ არის, ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს. ერთი დრო არავის შერჩება. დიახ, სულხანთან გაზეთები დამქონდა, სადაც მის წამებაზე იწერებოდა. ამჯერად სააკაშვილს მივუტანე გაზეთები, სადაც უკვე მის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე იწერება!
– ბატონო თამაზ, რა ძალამ გათქმევინათ სიტყვები, რომელიც 16 წლის შემდეგ ახდა?
– უკვე 2005 წელი დგას, როცა წამების გამო ჯანმრთელობაშერყეული სულხანი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაწესებულება ორთაჭალაში, ამჟამად უკვე დანგრეული ცნობილი ციხეების ადგილზე მდებარეობდა. საავადმყოფო ერქვა, თორემ ჩვეულებრივი ციხე იყო, იმ განსხვავებით, რომ თვეში ერთხელ, ადამიანს ოჯახის დაპატიმრებული წევრის მონახულება საკანში შეეძლო. იმ პერიოდში სულხანის საკნის გვერდით, ასევე უსამართლოდ და უკანონოდ მისჯილ სასჯელებს იხდიდნენ დემონსტრაციულად დარბეული გლდანის ეკლესიის წინამძღვარი, მამა ბასილი (მკალავიშვილი), ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა და სხვა ცნობილი ადამიანები. ციხესთან მათთვის ამანათების შესაგზავნად მისული ადამიანების რიგები იდგა, სადაც პატიმრების ოჯახის წევრები ერთმანეთს ვუზიარებდით ჭირ-ვარამს. როგორც მოგახსენეთ, მე დღე არ ჩამიგდია, სულხანთან გაზეთები ყოველდღიურად დამქონდა. პატიმრების ჭირისუფლები „სულხანის ფოსტალიონს“ მეძახდნენ… ერთხელ, სწორედ ამ რიგში, მამა ბასილის ცოლ-შვილთან საუბარში ვთქვი – აი, ნახავთ, ის დროც დადგება, როცა ციხეში გაზეთებს სულხანს კი არა, სააკაშვილს შევუგზავნი და ამაში არავინ შემეცილოს მეთქი. თავად ხედავთ – ასრულდა!
– სულხანის გათავისუფლება როგორ მოხდა?
– როდესაც სააკაშვილმა ძალაუფლება დროებით დათმო და 2 კვირით პრეზიდენტის მოვალეობას ნინო ბურჯანაძე ასრულებდა, 2008 წლის შობის წინა დღეს, სულხანი და დავით მირცხულავა პატრიარქის შუამდგომლობით შეწყალების ფორმით გაათავისუფლეს. ეს მათთვისაც მოულოდნელი იყო. პატრიარქმა მანქანაც კი დაახვედრა ციხესთან, მაგრამ, ვიდრე გათავისუფლების შესახებ შეიტყობდნენ, ციხეში ვიღაც არაკაცებმა მოტყუებით აღიარებითი ცრუ ჩვენების მოპოვება სცადეს – უთხრეს – აღიარეთ დანაშაული და დღესვე ორთავეს გაგიშვებენო. – სულხანი მიმხვდარა, რაც ხდებოდა და ირონიულად უპასუხია: პატრიარქს დავეკითხებით და ამაზე მერე ვისაუბროთო. ახლაც კედელზე მიკიდია ფოტო – პატრიარქი სულხანს და და დათოს შორის დგას… ციხეში საღ-სალამათი, 120 კილოიანი კაცი შევიდა და იქიდან, განახევრებული, 70 კილოიანი, მძიმედ დასნეულებული გამოვიდა!
– ვიცი, მძიმე გასახსენებელია… მაგრამ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას – ვინ და როგორ აწამეს სულხანი?
– სულხანის წამებასა და გარდაცვალებაში ძალზე ბევრ ადამიანს მიუძღვის წვლილი. პირველ რიგში – სააკაშვილს! მან აიძულა მთავარი პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი, დაეჭირა სულხანი, მიშა ვერ იტანდა სულხანს, რადგან ჩემი შვილი არ ეპუებოდა, მუდმივად აკრიტიკებდა და ბიუჯეტის გაფლანგვის ფაქტებიც ამოუქექა. ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე, ბოკერიას მიერ შედგენილ, დასაჭერი ხალხის სიაში მოწინავე ადგილს იკავებდა. პეტრე მამრაძე წერს, რომ ინტელექტის, განათლების და რეპუტაციის, კაცობის გამო სააკაშვილს სულხანი მეტოქედ მიაჩნდა. ამიტომ, თავიდანვე აითვალწუნა და სამაგიერო მერე გადაუხადა, როცა ხელისუფლებაში მომძლავრდა – აშკარა დევნა დაუწყო. სულხანი მიხვდა, რომ დაპატიმრებას უპირებდა. ეს ის პერიოდია, როცა ღირსების შელახვით, საცვლების ამარა ადამიანებს აპატიმრებს რესპუბლიკის პროკურორი, ირაკლი ოქრუაშვილი. სულხანი თავმოყვარე, ოჯახის მოყვარული კაცი იყო, ვერ დაუშვებდა, რომ მისი ოჯახი აეწიოკებინათ, ამიტომ, პატრიარქისგან კურთხევა აიღო და პირდაპირ ოქრუაშვილთან მივიდა – აი, აქ ვარ და ბარემ დამიჭირეო. – მე არაფერ შუაში ვარ, შენი საქმე ვალერი გრიგალაშვილს აწერიაო – უპასუხა ირაკლიმ. მივიდა თუ არა გრიგალაშვილთან – ეგრევე დააპატიმრეს, მაგრამ ნებისმიერი იურისტი გეტყვით, რომ გრიგალაშვილი კონტროლის პალატის თავმჯდომარეს რესპუბლიკის პროკურორისგან დამოუკიდებლად ვერ დააპატიმრებდა!
– რა ბრალდება წაუყენეს?
– თითქოს, 37.500 ლარი დამლაგებლების ჩათვლით თავის თანამშრომლებს პრემიების სახით დაურიგა. დაპატიმრების დღესვე სასტიკად აწამეს ჩემი შვილი! თავზე ტომარა ჩამოაცვეს, შიშველ ზურგზე სიგარეტის ნამწვებს უქრობდნენ, ფეხებზე კი ელექტროშოკერით დენს ურტყამდნენ! წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ვალერი გელაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გიგა ბოკერია! სულხანისგან მოითხოვდნენ ჩვენების მიცემას, რომ იგი სააკაშვილის კომპრომეტაციას გამიზნულად ეწეოდა. წამების ფონზე, უშუალოდ ბოკერია უსვამდა კითხვებს – მეტი რა გითხრათ?!

ეს ამბავი ნანა კაკაბაძეს რომ არ გამოეტანა სააშკარაოზე, ოჯახსაც არ გვეცოდინებოდა, რადგან სულხანი გვიფრთხილდებოდა, არ უნდოდა, მეუღლისთვის, შვილებისთვის, მამისთვის – სულიერი ტკივილი მიეყენებინა! მე „მამაზიას“ მეძახდა. ამ სახელში მამაც იყო ჩაქსოვილი და თამაზიც. ახლაც კედელზე მაქვს გაკრული, ჩარჩოში ჩასმული მისი წერილი: „მამაზია, როგორც ჩვენს ოჯახს ეკადრება, ისე უნდა გავუძლოთ განსაცდელს…“ – პირიქით მამხნევებდა ციხიდან! წერილის მიხედვით, ვერც კი წარმოიდგენდი, რომ მას საშინლად აწამებდნენ! ციხეში C ჰეპატიტი დამართეს – არც ამის შესახებ ვიცოდით! ექიმი, რომელმაც ეს დაავადება დაუდგინა, მკაცრად გააფრთხილეს, არავისთან ეთქვა, რათა „ზევით“ არავის წყენოდა. თურმე, პატიმრის მკურნალობა და სიცოცხლის გადარჩენა – „ზევით სწყინდათ!“ როცა ნანა კაკაბაძემ სულხანი ციხეში მოინახულა და მისი მდგომარეობის შესახებ მსოფლიოს ამცნო – დასნეულებიდან უკვე 11 თვე იყო გასული, თორემ თავიდანვე რომ ემკურნალათ მისთვის, ახლა ცოცხალი მეყოლებოდა! ციხის ექიმები კი არ მკურნალობდნენ, პატიმრებზე ცდებს ატარებდნენ და რაღაცებს უშხაპუნებდნენ!
– სამაგიეროდ, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ნაადრევად შფოთავენ ჟურნალისტები.
– სად სააკაშვილის მდგომარეობა და სად სულხანისა! სააკაშვილის დროს როცა პატიმარი სიცოცხლეს ეთხოვებოდა, ექიმი ფეხს არ აუჩქარებდა პაციენტთან მისასვლელად! ერთხელ, სულხანის გვერდით საკანში დავით მირცხულავა ცუდად გამხდარა. სულხანი გვიყვებოდა – კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში ჩავარდა და არავინ ყურადღებას არ აქცევდა, ვიდრე ყვირილი არ ავტეხეო. სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება კი არა, პატიმრებს ასახიჩრებდნენ და სიცოცხლეს უსწრაფებდნენ! ციხიდან გამოსვლის შემდეგ სულხანმა რამდენჯერმე პირდაპირ დაადო ხელი ბოკერიას, რომელიც დაკითხვების დროს უშუალოდ აწამებდა ჩემს შვილს! ვალერი გრიგალაშვილმა კი, მარტო სულხანის წამება არ იკმარა, მის მთელ ოჯახს დასცინა, სააკაშვილის დავალებით!
– კერძოდ, რა მოხდა?
– როცა წამებამ აპოგეას მიაღწია, გრიგალაშვილმა დამიბარა და წავკისში ბინის შეძენა და მერე იმ ბინის სახელმწიფოსთვის გადაცემა მომთხოვა. – სანაცვლოდ, სააკაშვილი მზად არის, სულხანი გაათავისუფლოსო. ეს ის პერიოდია, როცა სააკაშვილი პიარის მიზნით სპექტაკლებს აწყობს, „დამნაშავეებისთვის“ ჩამორთმეულ ქონებას გაჭირვებულებს „ურიგებს.“ იმ სახლშიც, ტელეკამერების წინ ლენტის გაჭრა და „უსახლკაროების შესახლება“ ჰქონდა განზრახული. ოჯახურ შეკრებაზე განვიხილეთ ეს საკითხი. ახლობლები – თანამდებობის პირები გვირჩევდნენ, არ დაგვეჯერებინა, მაგრამ ჩემმა რძალმა, თათიამ მოჭრა – რომ არ დავთანხმდეთ და სულხანი მომიკლან, ხომ მთელი სიცოცხლე თავს ვერ ვაპატიებთო! ნათესაობაში შევაკოწიწეთ თანხა იმ სახლის საყიდლად. გარდაბანში რაღაც ცნობა უნდა გადმოეცათ, რაც 10 დღეზე ადრე ვერ მოხდებოდა, მაგრამ გრიგალაშვილმა მითხრა – უკვე დარეკილია, მიხვალ თუ არა, მოგცემენო. პირადად მე მივედი იმ ცნობის ასაღებად. ერთ დღეში თათიას ყიდვაც გაუფორმეს და იმავე დღეს, სახელმწიფოსთვის გადაცემაც! მიშამ კი, ხალხი შეყარა – აი, ხალხის მტერს, სულხან მოლაშვილს ბინა ჩამოვართვი და იქ ბავშვები შევასახლეო! ის ბინა ჩვენი არასოდეს ყოფილა! ჩვენი ოჯახის არც ერთ წევრს თვალით არ უნახავს და არც გარშემო მეზობლებს სმენიათ ოდესმე, რომ ის სახლი „ჩვენი იყო!“
– სახლი გაყიდინათ, მაგრამ სულხანი მაინც არ გამოუშვა, არა?
– მეორე დღეს 12 საათზე გრიგალაშვილთან მივედი – აი, ბინა ჩაგაბარეთ და გამოუშვით ჩემი შვილი-მეთქი. – არაო, სააკაშვილი უარზეა, გამოშვებას არ აპირებსო. აბა თუ „არაო“ და, ჩართული კამერების წინ ვაგინე სააკაშვილს ყველა კეთილი და პატრონი! აი, სწორედ მაგ ნერვიულობაზე დამემართა შაქარი! 2016 წლის 29 ივნისს გარდაიცვალა ჩემი სულხანი. ციხიდან გამოსვლის მიუხედავად, ვერ შევძელით მისი გადარჩენა, ეგ არის – სიცოცხლე ცოტათი გავუხანგრძლივეთ! ყველა საფუძველი არსებობს დასკვნისთვის, რომ მას ციხეში გამიზნულად შეყარეს C ჰეპატიტი, შემდეგ კი, თითი თითზე არ დააკარეს, რათა მისთვის დროულად ემკურნალათ, ვიდრე ვერაგი სენი ორგანიზმს შეუჭამდა! სააკაშვილი რით არის სულხანზე მეტი, როცა მისი კარის ჟურნალისტები ყიჟინას ტეხენ, თუ ცოტათი წნევა აუწევს? სააკაშვილმაც, ქართველმა ხალხმაც და საერთაშორისო საზოგადოებამაც ზუსტად იციან, რომ მას ზურგზე სიგარეტს არ მიაწვავენ და ფეხებზე ელექტროშოკერს არ მიუერთებენ!
– მალე არჩევნების მეორე ტურია. საზოგადოება კი, ისევ ხელისუფლებაში ნაცების მობრუნების პერსპექტივით არის დაზაფრული. რას ეტყვით ამომრჩეველს?
– საფრთხეს! შეიძლება, ბევრს „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენების ობიექტური მიზეზიც გააჩნდეს, მაგრამ ახლა იმ გარემოების წინაშე ვართ, რომ ნაცების სისხლიანი რეჟიმი ჩვენი პასიურობის გამო აღორძინდება, ან ჩვენი აქტიურობით, სამუდამოდ დასამარდება! ამიტომ უკლებლივ ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, გვახსოვდეს, ნაცების პროცენტი მხოლოდ მათი მოწინააღმდეგე ელექტორატის არჩევნებზე გამოუცხადებლობის შედეგად მატულობს! სააკაშვილმა მე შვილი მომიკლა! თითოეულ იმ ამომრჩეველს მივმართავ, ვინც მისი პარტიისთვის ხმის მიცემას აპირებს – რა გარანტია გაქვთ, რომ თუ ძალაუფლებას დაიბრუნებენ, ნაცები თქვენს შვილსაც არ იმსხვერპლებენ? ჰოდა, როცა ჩემი შვილის მკვლელს ხმას აძლევთ, წარმოიდგინეთ, სულხანის ადგილზე თქვენი შვილია! როცა სისხლიან ნაციონალურ მოძრაობას ირჩევთ, მათ მიერ წარსულში ჩადენილი უკლებლივ ყველა დანაშაულის და ღმერთის წინაშე ჩადენილი ცოდვის თანამონაწილე ხდებით, რის გამოც მომაკვდინებელი ცოდვა თქვენს შთამომავლობაზეც გადავა!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: “ასავალ-დასავალი”