თამაზ ურთმელიძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საკუთარი მორალური გამარჯვება უწოდა

,,რუსთავი 2″-ის საქმის განმხილველმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საკუთარი მორალური გამარჯვება უწოდა.
თამარ ურთმელიძე ის მოსამართლეა, რომელმაც ტელეკომპანიის საქმე საქალაქო სასამართლოში განიხილა და ,,რუსთავი 2″ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
“სტრასბურგის სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა გამართულად მუშაობს და ის არ უნდა იყოს ყოველწუთიერი დარტყმების ქვეშ. ცხადია, მფლობელის შეცვლით კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა და მათი გამოხატვის თავისუფლება. ეს გადაწყვეტილება საინტერესოა გამოხტავის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების ჭრილშიც. როგორც ჩანს, თავის დროზე იმდენად უხეშად იყო წართმეული ეს ქონება მესაკუთრისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოც ცალსახად დადგა საკუთრების უფლების მხარეს. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თურმე ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ქონება, რომელიც წაგვართვეს. ეს გადაწყვეტილება მაგალითი უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომელიც კანონიერი მესაკუთრისთვის ქონების წართმევას მოინდომებს.
თქვენ იცით, რომ ამ საქმის განხილვის დროს ათასი სიბინძურე გავრცელდა ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ… ჩემი გამონათქვამები ინტერპრეტირებული იქნა ათასნაირად – “დედა ოჯახის წევრი არ არის” და ა.შ. ამრიგად, სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეს არის ჩემი მორალური გამარჯვებაც. თვითონ განხილვის პროცესში საშინელი წნეხის ქვეშ ვიყავი. თუ ვინმე რაიმე სახის ზეწოლას ცდილობდა მოსამართლეზე, ეს იყო სწორედ მოპასუხე მხარე და მე ამაყი ვარ, რომ ჩემს თავთან მართალი ვარ”, – განაცხადა ურთმელიძემ.
წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები