თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში სწრაფი პიკი არ იკვეთება

დღეს, რასაც ვუყურებთ, ეს არის ლოკალიზებული ეპიდემიოლოგიური სურათი. საბედნიეროდ ეპიდემია არ არის გასცდენილი ბათუმის საზღვრებს, რაც მიუთითებს იმას, რომ ლოკალიზებული ეპიდემიის პირობებში ჩვენ პრევენციული კონტროლის ბერკეტები მეტი გვაქვს და ეფექტიც მეტია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში სწრაფი პიკის დადგომის სურათი არ იკვეთება.

„ინტენსიურად გრძელდება კონტაქტების მოძიება და იზოლაცია. პრევენციული ზომები რა თქმა უნდა გრძელდება და ამ შედეგის დასანახად სულ მცირე 2 კვირა გვჭირდება, რათა გამოიკვეთოს სად მივდივართ. ინფიცირებულთა ზრდა არის, მაგრამ ეს არ არის გეომეტრიული პროგრესით ზრდა, რაც ასევე მიუთითებს იმას, რომ ზომებს შედეგი აქვს.

ასეთი დუნე მატების პირობებში, ჩვენ შეგვიძლია კონტაქტების მართვა. კარგია რომ მძიმე შემთხვევები ნაკლებია და შესაბამისად საწოლფონდის გადატვირთვის რისკიც ნაკლებია. ჯერჯერობით სწრაფი პიკის დადგომის სურათი არ იკვეთება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები