თამარ დადიანი – დავითისა და ეკატერინეს უმცროსი შვილი
თამარ დადიანი დავითისა და ეკატერინეს უმცროსი შვილი იყო. პეტერბურგის კლიმატი არ მოუხდა. დედა დიმიტრი ყიფიანს წერდა:
,,ჩემი პატარა თამარი მყავს ძალიან ავად. ზალატუხა (ყბაყურა) შიგნით შეუბრუნა და მთელი დღე და ღამე მასთან მოუშორებელივ ვარ. აქიმები იმედს მაძლევენ, რომ უკეთ შეიქმნებაო, მაგრამ მე კი გული აღარ მაქვს მწუხარებით. უნდა ზაგრანიცაში წავიდე, რადგანაც ტფილი ჰაერი პირველი წამალი იქნება ჩემს თამარისათვის“.
პატარა თამარი სამშობლოზეც დარდობდა, არსებობს ტუტჩევის მოგონება:
,,მე დღეს იმპერატორის ბავშვებთან სათამაშოდ მოვიწვიე ყოფილი დედოფლის ქალიშვილი თამარი. ის მეფის უფროსი ასულის ტოლია, ეს გოგონა ავად გახადა სამშობლოსგან მოშორებამ. მისი გამხდარი სახე სავსეა დარდით და სევდით. მე ვერაფრით ვერ ვაიძულე ეთამაშა და ორი საათის შემდეგ აცრემლებულმა დამიწყო მუდარა, რომ დედასთან წამეყვანა. სევდასა და დარდს პატარა ბავშვისთვის თავისი დაღი დაუსვამს და მძიმედ ავად გამხდარა“.
თამარი მალე გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა სამგლოვიარო ცერემონიალით ჩატარდა, დედას არ სურდა შვილის პეტერბურგში დატოვება და საქართველოში გამოამგზავრა: ,,აქამდისან შეტყობილი გექნებათ ჩემო ძვირფასო დიმიტრი ჩემი უბედურება ჩემი პატარა თამარის სიკვდილით, იფიქრე, როგორი შეწუხებული და ტანჯული ვარ… ჩვენს მოძღვარ არხიმანდრიტ ბესარიონს გამოვატანე ჩემი სიცოცხლე თამარი, რომელიც მოასვენებს მარტვილს და იქ ჩვენ სასაფლაოში დაასაფლავებს. გთხოვთ, რომ სახლთუხუცესს უბრძანოთ, როდესაც მიუვა ცნობა, ქუთაისს დახვდეს ან მარანს და როგორც რიგი და მოვალეობა მოითხოვს, ისე ემსახუროს“. – წერდა დიმიტრი ყიფიანს.
ექვსი წლის თამარი მარტვილის მიწამ მიიბარა.