თამარ ჩუგოშვილი: „ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს უბრალოდ, გაუხარდეს ქვეყნის წარმატება“

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გიორგი კანდელაკის განცხადებას გამოეხმაურა:

„ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს უბრალოდ, გაუხარდეს ქვეყნის წარმატება.

ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია კონგრესის საქართველოს მხარდამჭერი აქტის მისაღებად და გვეუბნება ჩვენ, ვინც წლებია, ყველაფერი გავაკეთეთ ამ დოკუმენტის გასატანად.

ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს, უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება და მუდმივად იმაზე არ ფიქრობდეს, ჩრდილი როგორ მიაყენოს ყველა შედეგს“.

გიორგი კანდელაკის შეფასებით, აშშ-ში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი „პრინციპული ტესტია, საქართველოს მთავრობა ამერიკასთან იმუშავებს თუ არა, რომ აქტის სულისკვეთება რუსეთის მიმართ პრობლემაში გადაიზარდოს“.

ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რადგან ეს აჩვენებს, ჩვენი მეგობარი ვინ არის და ვინ – არა. ასევე, საქართველოს ვინ უდგას გვერდში, ვინ – არა, და ამერიკის რაოდენ მადლობელი უნდა ვიყოთ.

როცა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ან ადამიანის უფლებების დარღვევა მოხდება, ეს ყველაფერი რეალურ პრობლემად უნდა გადაიზარდოს ოკუპანტისთვის. რუსეთის მიმართ სანქციების თაობაზე „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციას ხელისუფლებამ ჯვაროსნული ომი გამოუცხადა, მაგრამ ჩვენი დოკუმენტი სანქციების ნაწილში საქართველოს მხარდამჭერი აქტის სულისკვეთებას მთლიანად იზიარებს. პრინციპული ტესტია, საქართველოს მთავრობა ამერიკასთან იმუშავებს თუ არა, რომ აქტის სულისკვეთება გადაიზარდოს რუსეთის მიმართ პრობლემაში. სანქციები დაწესდეს და ქაღალდზე არ დარჩეს“.

კომენტარები