თამუნა: სასამართლოს ისეთი პირი უჩანს, განაჩენში დაწერენ, რომ მე კი არ დამესხნენ… ირანელ ყაჩაღებს იქეთ დავესხი!

 

მიმდინარე წლის დასაწყისში, როცა ერი ჯერ ისევ საახალწლო დროსტარებაში იყო, დედაქალაქის ცენტრში, ახვლედიანის (პეროვსკაიას) ქუჩაზე შემზარავი დანაშაული მოხდა: ეროვნებით ირანელმა ორმა ყაჩაღმა სავალუტო ჯიხურის გაძარცვა და ქართველი მოლარე გოგონას მკვლელობა სცადა. გამვლელი უცნობი მამაკაცის სამოქალაქო გმირობის და პოლიციელების ოპერატიული მოქმედების შედეგად, გოგონა ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს! ამ ინციდენტს „ასავალ-დასავალი“ მაშინ, ოპერატიულად გამოეხმაურა, დაზარალებულს მიაკვლია და ინტერვიუ ჩაწერა (იხილე „ასავალ-დასავალი“ N 5 (1313) ). როგორ განვითარდა მოვლენები, დაისაჯნენ თუ არა დამნაშავეები? ამის შესატყობად თამუნა მ-ს კვლავ დავუკავშირდით, რომელმაც, აღმაშფოთებელი ამბავი გვიამბო:

 – ჩემი სიცოცხლე ამ ეტაპზეც არ არის დაცული! მართალია, ერთი დამნაშავე გისოსებს მიღმა ზის, მაგრამ მეორე სად იმყოფება – არაფერი ვიცი. თანაც, მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ორს გარდა, ვინც უშუალოდ მახრჩობდნენ, ფოიეს მიღმა კიდევ ორი თანამზრახველი იმყოფებოდა, რომლებმაც პასუხისმგებლობა საერთოდ აირიდეს! როგორც ჩანს, ირანელ მკვლელებს საქართველოში ძლიერი მფარველები აღმოაჩნდათ, თანაც, ბევრი ფული დახარჯეს, ქართველი ადვოკატები დაიქირავეს, რომლებიც მკვლელების გამართლებას დაბეჯითებით ცდილობენ!

– თამუნა, შევახსენოთ მკითხველს, რა გადაგხდათ მიმდინარე წლის 15 იანვარს?

  – საღამოს 9 საათი ხდებოდა, როცა სავალუტო პუნქტის დახურვა დავიწყე. ჯერ რეკლამები და განათება გავთიშე, მერე, კარი დავკეტე და ჟალუზების ჩამოწევა რომ დავაპირე, სწორედ ამ მომენტში ფოიეში უცხოელი ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა. ინგლისურად მომმართა – თანხა დამიხურდავეო. რატომღაც, შიშის გრძნობა დამეუფლა, ვუპასუხე – უკვე დავიკეტეთ, ვერ დავახურდავებ მეთქი და შევეცადე, ფოიედან გარეთ, ქუჩაში გავსულიყავი. ამ მომენტში ფეხებში მეცა და მეთლახის იატაკზე  დამაგდო. მაშინვე, ფოიეში მეორეც შემოვარდა. პირველი უცნობი ყელში და ცხვირზე მიჭერდა ხელს, ცდილობდა, მოვეგუდე. გავიაზრე, რომ მოკვლას მიპირებდა. სიკვდილის შიშის გამო ენერგიულად ვუძალიანდებოდი, ამიტომ გამეტებით ჩამარტყა ფეხში და წვივის ძვალი გადამიმსხვრია.

ჰაერი აღარ მყოფნიდა, მაინც წინააღმდეგობას ვუწევდი. გავაცნობიერე, რომ გონებას თუ დავკარგავდი, ბოლოსაც მომიღებდა. ეს ბრძოლა სავარაუდოდ, 3-5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასობაში, რამდენიმე წამით მოვიშორე მისი ხელი და კივილი ავტეხე, რაც გარეთ  გამვლელმა ბიჭმა გაიგო. ფაქტია, საკუთარი სიცოცხლე სრულიად უცნობი ადამიანის გამო რისკის ქვეშ დააყენა, როცა ფოიეში შემოვარდა დასახმარებლად. მას ვუმადლი სიცოცხლის გადარჩენას! მკვლელებმა გაქცევა სცადეს. ჩემი მხსნელი  დაედევნა და ერთი მათგანი თავად დაიჭირა. პოლიცია ალბათ, გამვლელებმა გამოიძახეს. ისინი 5 წუთში მოვარდნენ, ამ ბიჭმა ერთი დამნაშავე ჩააბარა, თუმცა მეორემ გაქცევა მოახერხა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, მან საქართველოს საზღვარის გადალახვაც შეძლო…

თავს დაცულად ვერ ვგრძნობ. მე ხომ ერთი უბრალო ადამიანი ვარ, უცხოელ მკვლელებს ჩემი ლიკვიდაცია ახლაც ძალზე მარტივად შეუძლიათ. თავიდან თუ მომიცილეს, მერე უფრო მარტივად მოახერხებენ სასამართლოში საქმის მოგვარებას! ჩემს მოგნებას რა უნდა? მათ უკვე ჩემი ვინაობაც ეცოდინებათ და მისამართიც!

– თავმდამსხმელების მიერ მოყენებული ტრავმები უკვე მოიშუშე?

– არ ვარ კარგად. მესამე ოპერაცია მჭირდება. დამსხვერეულ წვივის ძვალში მეტალი მაქვს ჩაყენებული, რომლის ამოღების შემდეგ უკვე პლასტმასის კონსტრუქციის ჩადგმა დამჭირდება. ახალგაზრდა ქალი – ოდნავ ვკოჭლობ კიდეც და ექიმები ვერ მპირდებიან, რომ ბოლომდე გამოვჯანმრთელდები. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ოპერაციების ხარჯის 30 პროცენტი სახელმწიფომ დაფარა, მაგრამ დანარჩენი, საკმაოდ დიდი რესურსი – ჩემმა, მატერიალურად ისედაც შეჭირვებულმა ოჯახმა გაიღო. წინ კი, ახალი ხარჯები მელოდება.

– რა ეტაპზეა გამოძიება? სასამართლო სხდომები უკვე მიმდინარეობს?

– დიახ, სასამართლო სხდომები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც მოგახსენეთ, ხელმოკლედ ვცხოვრობ, პენსიონერი მშობლები მყავს. არ მქონდა საშუალება, ადვოკატი ამეყვანა, რომელიც პროცესზე ყაჩაღებისგან და მათი დამცველებისგან დამიცავდა. ამას გარდა, მეშინია, რომ ჩემზე თავდასხმა განმეორდება. ყველაფერი იქით მიდის, რომ მკვლელები თავს დააღწევენ მძიმე დანაშაულის შესაბამის სასჯელს და შესაძლოა, გამართლდნენ კიდეც!

– ასე რატომ ფიქრობთ?

– ორივე თავდამსხმელი ზუსტად ამოვიცანი, თუმცა, ირანელები და მათი ადვოკატები თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ორი კი არა, სავალუტო პუნქტის დაყაჩაღების მიზნით, მხოლოდ ერთი უცხოელი დამესხა თავს. ის ერთი, როგორც ვიცი, დანაშაულს კიდეც აღიარებს, ხოლო მეორეს ქართველი ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულისთვის ხელის დაფარებას ცდილობს. მისი ცინიზმი ყველა ზღვარს გაცდა, როცა მკითხა – ფოიეში ხომ სიბნელე იყო და მეორე თავდამსხმელის სახე როგორ დაიმახსოვრეო…  ეჭვის შეტანას ცდილობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავდასხმაში მონაწილეობდა, არადა, თავდასხმის ყველა დეტალი სათვალთვალო კამერებს აქვთ გადაღებული!

 – სად არის ეს კადრები?

– როგორც გამომძიებელი მეუბნება, საქმის მასალებში დევს, მაგრამ აღარ ვარ დარწმუნებული, რომ ეს კადრები გაუყალბებელია. სხვათაშორის, თავდასხმის კადრები თავადაც არაერთხელ მაქვს ნანახი – იქ ყველაფერი გარკვევით ჩანს! თავის დროზე ჩემით მოვიპოვე, მერე, იძულებული გამხადეს, ტელეფონიდან წამეშალა… ამ კადრების მნახველი რომელი ადვოკატი გაბედავდა, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაული ეჭქვეშ დაეყენებინა? რა ნამუსით ამტკიცებს, რომ მეორე თავდამსხმელს ჩემთვის ზიანი არ მოუყენებია?! თუ სასამართლო ობიექტურად გამოიძიებს მომხდარს, სადაო არაფერი იქნება და მკვლელებიც, დამსახურებულ სასჯელს მიიღებენ, მაგრამ მათი ადვოკატების ცინიზმი და ჩემი დაუცველობა მაიძულებს, პროცესებზე აღარ ვიაქტიურო, ყველაფერი განგებას მივანდო. უნდათ, მიუსაჯონ, უნდათ – გაამართლონ! მეტსაც გეტყვით – ისე ტენდენციურად მიდის სასამართლოს სხდომები, დამნაშავედ პირიქით – მე მაგრძნობინებენ თავს. მაქვს მოლოდინი, დადგება განაჩენი, რომელშიც ეწერება, რომ მე კი არ დამესხნენ, არამედ, ირანელ ყაჩაღებს იქეთ დავესხი და მოკვლა დავუპირე! საქართველოში ხომ, სავალუტო ჯიხურის მძარცველი და ოპერატორი გოგონას მკვლელი ირანელები უფრო დაზღვეულები არიან სასჯელისგან, ვიდრე სანთებელათი ხელში, ბანკში შესული ქართველი, ლევან ზურაბაშვილი, რომელმაც ფულის მაგივრად, ბანკის პროცენტების შემცირება და აზარტული თამაშების გაუქმება მოითხოვა!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო:”ასავალ-დასავალი”

 

 

 

 

 

კომენტარები