თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – ავტომობილს სხვადასხვა დეტალი მოხსნეს და გაასხვისეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

-„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1990 წელს დაბადებული ვ.მ., ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, – 1991 წელს დაბადებულმა გ.რ.-მ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, თავისი კუთვნილი, „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილი ბრალდებულ ვ.მ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ.-ს გადასცა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა ავტომობილს სხვადასხვა დეტალი მოხსნეს და გაასხვისეს.

პოლიციამ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.მ. მიმდინარე წლის 4 იანვარს დააკავა. 1987 წელს დაბადებული ტ.ბ. კი სამართალდამცველებმა ამავე საქმეზე, 2020 წლის 20 ნოემბერს, თბილისში დააკავეს.

დაშლილი ავტომობილი პოლიციამ თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ტ.ბ.-სა და და ვ.მ.-ს ანალოგიური თაღლითური სქემით მითვისებული აქვთ სხვა მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიც, რომელთაგან გამოძიების მიერ ნანახი და ამოღებულია ხუთი ავტომობილი.

დანარჩენი ავტომობილების ადგილმდებარეობის დადგენისა და ნივთმტკიცებად ამოღების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობს გულისხმობს“.

კომენტარები