თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შესარჩევად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შესარჩევად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერ ისევ არ არის ცნობილი, ახალი აშენდება, თუ უკვე არსებული რომელიმე შენობა შეირჩევა.  გადაწყვეტილება თვის ბოლოსთვის უნდა გახდეს ცნობილი. შენობებისა და ტერიტორიის მფლობელთან – კომპანია „ავერსთან“ ახალი საიჯარო ხელშეკრულება შესაბამისი ვადებით გაფორმდება.

-„2019 წლის პირველ ივლისს გაუვიდა ხელშეკრულებას ვადა ჩვენსა და მფლობელს შორის იჯარის ხელშეკრულებას. ამის შემდგომ მიდიოდა ინტენსიური მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების მთავარი საგანი იყო, თუ როდის გავიდოდა ინფექციური საავადმყოფო აღნიშნული ტერიტორიიდან. გასული წლის დეკემბერში მივიღეთ მინისტრისგან დავალება, უნდა მოგვეძებნა ალტერნატიული ფართი. იყო რამდენიმე მიმართულება,  – უნდა აგვეშენებინა ახალი შენობა კლინიკისთვის. შემდეგ გამოჩნდა სხვადასხვა ვარიანტი უკვე აშენებულ შენობებთან დაკავშირებით. მიმდინარე ეტაპზეც ვაგრძელებთ მოძიების სამუშაოებს. როგორც კი დასრულდება ეს პროცესი, იმედია, ეს ამ თვის ბოლომდე მოხდება, ხელშეკრულებას უკვე იმ ვადით გავაგრძელებთ, რა ვადაც დასჭირდება ინფექციური საავადმყოფოს გადატანას სხვა ლოკაციაზე“, – განაცხადა  საქართველოს პირველ არხთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა.

ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია 11 შენობა-ნაგებობით, 2009 წელს აუქციონზე 12 მილიონ ლარად კომპანია „ავერსი ფარმამ“ იყიდა.

გაიცა პირობა, რომ კლინიკას ახალი ფართი და შენობა ექნებოდა. მანამდე ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაცია შენობებში დროებით, იჯარის ხელშეკრულებით დარჩებოდა. წლების განმავლობაში კომპანია „ავერსი“ კლინიკის სხვა ტერიტორიაზე გადატანას ითხოვდა. ალტერნატიული ფართის მოძებნა ვერ მოხერხდა. შენობის მფლობელი კომპანიის მიერ ტერიტორიაზე შენობა ნაგებობების დემონტაჟის დაწყების გამო კლინიკის თანამშრომლებმა რამდენჯერმე საპროტესტო აქციებიც გამართეს.

 

 

კომენტარები