თბილისის საოცრება – „ცაში გამოკიდებული“ ხიდი

ადგილობრივებმა თვალი შეაჩვიეს, არაჩვეულებრივად სულაც არ ეჩვენებათ, მაგრამ ამ ხიდის სანახავად ექსკურსიამძღოლებს ყოველდღე უამრავი ტურისტი მოყავთ. როგორც ჩანს,  ტურისტულ ბიუროებს „ცაში გამოკიდებული ხიდი“ თბილისში მოსანახულებელი ადგილების ნუსხაში აქვთ შეტანილი. უცხოელები ათვალიერებინებენ, როგორც ღირშესანიშნაობას, ხიდზე გადი-გამოდიან,

სურათებს ინტერესით იღებენ და სიმაღლიდან თბილისის ულამაზესი პანორამული ხედით ტკბებიან. ხოლო, ადგილობრივებს, უცხოელი ტურისტების ინტერესი უკვირთ!

უცნაური ხიდი საბურთალოზე, ნუცუბიძის 1 პლატოზე მდებარეობს.   ხიდებიანი კორპუსები საბჭოთა აქრქიტექტურის ერთ-ერთ შედევრად ითვლება.

სამი თექვსმეტსართულიანი კორპუსი, რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზეა აშენებული, ერთმანეთს ლითონის კონსტრუქციის, დაახლოებით 100 მეტრის სიგრძის საფეხმავლო ხიდით უკავშირდება.

ხიდი იწყება ნუცუბიძის ქუჩაძე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის (ე.წ. პოლიციის კორპუსი) მე-14 სართულზე, 35 მეტრის სიმაღლეზე გადის სხვა კორპუსის მე-12,  შემდეგ, კიდევ სხვა კორპუსის ასევე, მე-10 სართულზე  და იქიდან ნუცუბიძის 1 მიკრორაიონის  ცენტრალურ ნაწილში, ავტობუსის გაჩერებასთან, საავტომობილო გზას უერთდება.

ვიდრე ავტობუსი ნუცუბიძის ქუჩამდე ჩავა, მოქალაქემ შეიძლება, ამ ხიდით ჩაასწროს კიდეც.

ხიდიანი კორპუსების ავტორი გახლავთ არქიტექტორი ოთარ ( ტონი ) კალანდარიშვილი, თანაავტორი – გიზო ფოცხიშვილი. ზოგადად, მთელი 1 მიკრორაიონი ამ არქიტექტორების პროექტით არის განაშენიანებული.

1979 წელს,  ნუცუბიძის 1 მიკრორაიონი – ამგვარად გამოიყურებოდა:

როგორც ხედავთ, ზედ ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე (შავ-თეთრ ფოტოზე მარცხენა ზედა კუთხეში) „რუხი,“ სინამდვილეში კი,  ხის აივნებით გაწყობილი მოწითალო შეფერილობის კორპუსი აშენდა, სადაც პირველ სართულზე ცნობილი მილიციის განყოფილება განლაგდა. დანარჩენი ორი 16 სართულიანი კორპუსი კი, მოგვიანებით ააგეს და კიდევ უფრო მოგვიანებით,  სამივე კორპუსი ამ  ულამაზესი ხიდით შეაერთეს.

არქიტექტორ ოთარ (ტონი) კალანდარიშვილს  თბილისში სხვა ღირშესანიშნაობა – რესპუბლიკის მოედანზე მდებარე რგოლები, ე.წ. „ანდროპოვის ყურებიც“ შეუქმნია (რამდენიმე წლის წინ ეს ნაგებობა აიღეს, როგორც „საბჭოური ტოტალიტარიზმის“ გადმონაშთი, თუმცა დედაქალაქის მცხოვრებთა დიდ ნაწილს ამის გამო გული დაწყდა). ასევე, ტონი კალანდარიშვილი და მერაბ ბერძენიშვილი იყვნენ არქიტექტორები, ქუთაისში აღმართული „დიდების მემორიალისა,“ რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ააფეთქეს, რათა იმ ადგილზე პარლამენტის შენობა აეგოთ. აფეთქებას მაშინ მსხვერპლიც მოყვა, თუმცა ეს სრულიად სხვა თემაა.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ ხიდს უზარმაზარი დანიშნულება გააჩნია, ვინაიდან ფეხით მოსიარულეებისთვის ნუცუბიძიდან პლატოზე ამოსასვლელ გზას ამოკლებს. იმისთვის, რომ ხიდით ისარგებლოს, მოქალაქემ ნუცუბიძის ქუჩაზე „პოლიციის კორპუსის“  პირველ სართულზე ლიფტი უნდა გამოიძახოს და 10 თეთრად მე-14 სართულზე ავიდეს, იქიდან კი, ორი კორპუსის გავლით, პირდაპირ პლატოზე გადავა.

ერთხელ „თბილისის ფორუმზე“ ამ ხიდის მოშლაზე ჩამოვარდა ლაპარაკი. საზოგადოების უმრავლესობა, რაღა თქმა უნდა, ხიდის აღების წინააღმდეგ წავიდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხიდის დატოვების მომხრეების პროცენტული რაოდენობა შეუდარებლად მეტია, ვიდრე სქემა გვიჩვენებს. ამ გამოკითხვაში ხომ, მონაწილეობა ძირითადად, ისეთმა ადამიანებმა მიიღეს, რომლებსაც ცხადში შესაძლოა, „ცაში გამოკიდებული ხიდი“ არც კი უნახავთ.

ხიდი სხვა მხრივაც მრავალჯერ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში – იქ არის გადაღებული რამდენიმე მუსიკალური კლიპი, ასევე, მხატვრული ფილმები.

 

მასალის, ფოტოების და ვიდეოს ავტორი:

ზაზა დავითაია

 

კომენტარები