თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დაპირისპირება – ნიკა მელიას სასამართლო გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ნიკა მელიას პროცესის პარალელურად, მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დაპირისპირებაა. მოძრაობა „მელიების” წევრები სასამართლოს ეზოში შესვლას ცდილობენ, ამის საშუალება სასამართლოს მანდატურის სამსახურმა და სამართალდამცავებმა არ მისცეს.

მოძრაობის წევრები მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და კარის გაღება ძალის გამოყენებით მოახერხეს. ისმის შეძახილები  -„მონა”.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა 13 აპრილს 11:00 საათზე განახლდება.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ნიკა მელიას სხდომათა დარბაზში დაბრუნების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.

კომენტარები