„თბილისობა 2019“

„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიებებისთვის ადგილმდებარეობები – რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.

გაიმართება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; „მულტიეთნიკური თბილისი“ რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდირიჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.

ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“. წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე  სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.

5 ოქტომბერს, „თბილისობის“ ფარგლებში დაგეგმილი გალაკონცერტი კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.

5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი – „მე ვარ თბილისი“.

მონაწილეობას მიიღებენ საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები და სახელგანთქმული კოლექტივები. 6 ოქტომბერს 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა – „მუარე იქსფირიენს“, რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკ მუსიკის თანხლებით.

კომენტარები