თბილისსა და მარნეულში 8 პირი დააკავეს “ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და მარნეულში 8 პირი დააკავეს.
ყველა მათგანი: 1969 წელს დაბადებული პ. გ. (მეტსახელად „პალიკო“), 1980 წელს დაბადებული ზ. გ. (მეტსახელად „მუხო“), 1964 წელს დაბადებული ჯ. გ. (მეტსახელად „ჯამა“), 1995 წელს დაბადებული ვ. გ., 1983 წელს დაბადებული დ. დ., 1991 წელს დაბადებული დ. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ლაპუხა“), 1963 წელს დაბადებული ა. ო. “ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული.
დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ბრალდებულ ა.ო.-სთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა.
ა.ო., სადავო საკითხის „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის – დ.ა.-ს მეშვეობით დაუკავშირდა “ქურდული სამყაროს” წევრებს, ასევე ბრალდებულებს. აღნიშნულმა პირებმა ა.ო.-ს საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ დახმარება აღუთქვეს.
ბრალდებულებმა 2021 წლის აპრილსა და მარტში, თბილისში, ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში ფინანსური დავის „ქურდული წესით“ გარჩევა მოაწყეს.
დავის „ქურდული წესით“ გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებული მოვალისგან – ა.ო.-სგან სადავო თანხას – 26 ათასი აშშ დოლარს ვერ მიიღებდა, რადგან მისი საქმიანობა „ქურდული სამყაროს“ წესებს არ შეესაბამებოდა.
პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი „ქურდული შეხვედრების“ ორგანიზებისთვის ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

წყარო:

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia 

კომენტარები