თბილისში კიბერდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

-„თბილისში, 1996 წელს დაბადებული, ინდოეთის მოქალაქე – შ.ს. დააკავეს. მას ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება, ასევე, ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გამოძიებით დადგენილია, – ბრალდებულმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ინტერნეტბანკის ვებგვერდის მსგავსი, ყალბი – ე.წ. ფიშერული გვერდი შექმნა, რომლის ბმული ამავე ბანკის მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა და აღნიშნული მომხმარებლის ავტორიზაციის მონაცემებს მისი შეცდომაში შეყვანის გზით დაეუფლა. შ.ს.-მ უკანონოდ მოპოვებული პირადი მონაცემების გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ბანკის მომხმარებლის ინტერნეტბანკის პროფილში და მისი საბანკო ანგარიშიდან 9500 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადმოირიცხა. ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის ნაწილი – 6084 ლარი ბანკომატის მეშვეობით გაანაღდა.

პოლიციამ, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები, პორტატიული კომპიუტერები და საბანკო პლასტიკური ბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვებასა და უკანონოდ გამოყენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები