თბილისში კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც მანამდე ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა, PCR ტესტი ორჯერ ჰქონდა ჩატარებული და ორივე უარყოფითი იყო

თბილისში კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც მანამდე ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა, PCR ტესტი ორჯერ ჰქონდა ჩატარებული და ორივე უარყოფითი იყო.

როგორც imedinews-ს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა, კლინიკურმა მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, მათ კლინიკაში მცხეთის ცხელების ცენტრიდან 2-ჯერ PCR ტესტით გატესტილი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული არ იყო. კლინიკაში მკურნალობის შემდეგ, პაციენტი აბსოლუტურად გამოჯანმრთელებული მეშვიდე დღეს გაწერეს და მეცამეტე დღეს, განმეორებით ტესტის დროს მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მცხეთის ცხელების ცენტრიდან შემოიყვანეს პაციენტი, რომელიც იმყოფებოდა იზოლაციაში. ის იყო თეთრიწყაროდან და პირველი PCR ტესტი სწორედ იქ ჩაუტარდა. თეთრიწყაროდან ის გუდაურის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. იქ იყო რამდენიმე დღე. შემდეგ დაეწყო შემცივნება, რის გამოც მცხეთის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. მცხეთა კიდევ ჩაუტარდა PCR ტესტი და კოვიდინფექცია კიდევ არ დაუდასტურდა. შემდეგ ჩვენთან გადმოიყვანეს პნევმონიით. ეს პაციენტი მივიღეთ 1-ელ მაისს. 7 დღე ვუმკურნალეთ და გამოჯანმრთელებული გავწერეთ. ის ისევ თვითიზოლაციაში დაბრუნდა. მას არც ხველა ჰქონდა და არც სიცხე. როდესაც ამ ქალს თვითიზოლაციის დრო ეწურებოდა, როგორც წესია, აუღეს საკონტროლო ანალიზი და უკვე მეცამეტე დღეს ტესტმა დადებითი აჩვენა. ჩვენს კლინიკაში ის იზოლირებული იყო, მას კილინიკიდან ინფექცია არ გადაედებოდა. ასევე ის მცხეთის ცხელების ცენტრიდან წესების სრული დაცვით შემოიყვანეს“, – აღნიშნა ზაზა ლურსმანაშვილმა.

კოვიდინფიცირებული პაციენტი ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/covid19/142004/koronavirusi-daudasturda-patsients-romelits-manamde-piltvebis-antebis-diagnozit-mkurnalobda-da-pcr-testze-orjer-uarkopiti-pasukhi-hqonda

კომენტარები