თბილისში ხის უკანონოდ მოჭრისთვის ჯარიმა 10-ჯერ გაიზრდება

დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

-„გვინდა, ხეების უკანონო ჭრის მიმართულებით, ჩვენი მიდგომები კიდევ უფრო გავამკაცროთ. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება და დაწმუნებულები ვართ, მათი მხარდაჭერით, არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას შევძლებთ“.

კახა კალაძის თქმით:

უკანონო ჭრებისთვის, ჯარიმა 500-დან 5 000 ლარამდე გაიზრდება. აღნიშული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, ჯარიმა 1000-დან 10 000 ლარამდე იზრდება;

-„ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოჭრილი ხის სახეობა ვერ დადგინდებოდა, მხოლოდ 500-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული. ცვლილების მიხედვით კი, აღნიშნული თანხა გაიზრდება და თითოეული ნარგავისთვის, ზიანის ოდენობა 5 000 ლარით განისაზღვრება. ამასთან, გასამმაგდება ზიანის გამოთვლისთვის დადგენილი კოეფიციენტები;

იმ ადგილებზე, სადაც მწვანე ნარგავს უკანონოდ მოჭრიან, შენობის განთავსება აიკრძალება და მშენებლობის პროცესში, ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას, პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება.

გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები, მშენებლობის დროს, ნარგავებს წინასწარ ჭრიან ან აფუჭებენ. შემდეგ მოდიან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში და ითხოვენ ნებართვის მიღებას. არცერთ ასეთ შემთხვევაზე არ გაიცემა ნებართვა და პირებს არ მიეცემათ მშენებლობის უფლება იქ, სადაც მწვანე ნარგავი წინასწარ დაზიანებული ან მოჭრილი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები